გარდაბნელი აქტივისტი „ქართულ ოცნებას“ და სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს
გარდაბნელი სამოქალაქო აქტივისტი ხალილ ნურიევი მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს საკუთარ აქტივობას უკავშირებს . ნურიევის განმარტებით, გარდაბნის რაიონში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაახლოებით ერთ თვეზე მეტია მას ემუქრებიან და მოსთხოვენ, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით არაფერი დაწეროს.

8 აგვისტოს, დაახლოებით 3 საათზე, ნურიევი და მისი ძმა რუსთავში, ფინანსური პოლიციის განყოფილებაში, დაიბარეს.

„იქ იყო მიწის საბუთი, რომელი მიწაც 2000 წელსაა ჩვენთვის გადმოცემული, ჩემი და ჩემი ძმის საკუთრებაშია. 2017 წელს მიწის უფასო რეგისტრაციის დროს ჩემი და ჩემი ძმის მაგივრად საბუთებს ხელი მამაჩემმა მოაწერა. სოფელში რეესტრის თანამშრომელი იყო ჩამოსული და იმან თვითონ უთხრა მამაჩემს, რომ მას მოეწერა ხელი. არა მარტო მამაჩემმა, მთელა სოფელმა ასე მოაწერა მაშინ ხელი, რადგან ზოგი ადამიანი, ვის საკუთრებაშიც მიწები იყო სახლში არ იყვნენ, ხოლო მათ მაგივრად ოჯახის წევრებმა მოაწერეს ხელი. სწორედ ამ საბუთების გამო დაგვიბარეს, ამბობდნენ რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“.

ხალილ ნურიევის განმარტებით, ფინანსური პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი გაატარეს რის შემდგომაც გამომძიებლებმა მათ მიწის საბუთების ორიგინალი ვერსიების გადაცემა მოსთხოვეს. აქტივისტის თქმით, საბუთები მათ სახლში ინახებოდა და სამართალდამცველებს ისინი წარუდგინა. 8 აგვისტოს საღამოს კი მის სახლში მისულმა ფინანსურმა პოლიციამ სახლში ჩხრეკის ჩატარება გადაწყვიტა, რათა მტკიცებულებების სახით სხვა დოკუმენტებიც აეღოთ, რაზეც ნურიევმა უარი განაცხადა.

„მე მათ ვუთხარი, რომ თუ სახლში შემოვიდოდნენ მაშინ მე ტელევიზიებს დავურეკავდი და ყველას აქ მოვიყვანდი, რის შემდეგაც მათმა უფროსმა მითხრა, რომ არ იყო არსად დარეკვა საჭირო და მერე ისინი წავიდნენ“ - აცხადებს ხალილ ნურიევი

ნურიევის თქმით, მიუხედავად მისი ოჯახის წინააღმდეგ დაწყებული საქმისა ის აქტიურობას არ შეწყვეტს და კვლავ გააგრძელებს ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოსტების გამოქვეყნებას.

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ ნურიევზე ზეწოლის ფაქტი მარნეულშ არახალია.

„სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ხდება ზეწოლა, როგორც მორალური, ისე ფიზიკური და ფინანსური. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა. ჩვენს საზოგადოებაში პოლიცია სამართალდამცველ ორგანოდ არ აღიქმევა, ის ასოცირდება შიშთან. თუ სოფელში რომელიმე ადამიანის სახლში პოლიცია მიდის მაშინვე ყველა ფიქრობს რომ მათი საქმე ცუდადაა და სულ ცდილობენ რომ ამით შექმნან არასასიამოვნო გარემო რათა სხვა ადამიანებიც არ გააქტიურდნენ და იყვნენ შიშის ქვეშ“. - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

პლატფორმა „სალამის“ წარმომადგენელი ბენიამინ კასიმოღლუ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტივისტის განცდა, რომ წინასაარჩევნოდ მასზე ზეწოლა ხორციელდება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა