სიახლე
ქენან ომაროვმა რადიო „მარნეულის“ კითხვებს არ უპასუხა და ყოფილ მერთან გადაგვამისამართა
დღეს, 14 სექტემბერს, მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქენან ომაროვმა ალგეთში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. რადიო „მარნეულს“ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა.

მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ რადიო „მარნეული“ მერობის კანდიდატის ჩაწერას შეეცადა, რათა გაგვერკვია თუ რა ძირითადი საკითხების მოგვარებას დაჰპირდა ომაროვი ალგეთელებს, მაგრამ მან ჩვენთვის ინტერვიუს მოცემა არ ისურვა და შემოგვთავაზა, რომ მის მაგივრად მარნეულის ყოფილი მერი და აწ უკვე მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი ჩაგვეწერა.

„მინდა გითხრათ, რომ აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ყველა შეხვედრაზე ვგრძნობთ მოსახლეობის განსაკუთრებულ მხარდაჭერას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა გითხრათ, რომ ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ეხლაც მიმდინარეობს და ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. მთავარი გამოწვევა რაც აქ მოსახლეობას ყოველ ზაფხულს აწუხებს არის სარწყავი წყლის საკითხი და ჩვენ, ჩვენი კანდიდატიც აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება იქნება სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებაზე“. - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერობის კანდიდატ ქენან ომაროვთან გასაუბრებას რადიო „მარნეული“ უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს, მაგრამ ის ჩვენ არ გვესაუბრება. ომაროვი რადიო „მარნეულისათვის“ კომენტარის მიცემას მხოლოდ წერილობით ამჯობინებს რაც ჩვენ მისთვის დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობას არ გვაძლევს.

აღსანიშნავია, რომ ქენან ომაროვი წარმოშობით ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულიდანაა.

ქენან ომაროვის შესახებ:

ქენან ომაროვი დაიბადა 1983 წლის 26 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში. დაამთავრა მარნეულის №8 საჯარო სკოლა. 2000-2005 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის აკადემიაში. სპეციალობით იურისტია, აქვს უმაღლესი კვალიფიკაცია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2006 წელს, სწავლა გააგრძელა ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში.
2006-2011 წლებში მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, იურისტის პოზიციაზე, 2011-2012 წლებში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იურისტად. 2013 წელს დაბრუნდა მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში და 2016 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო 2016-2021 წლებში ხელმძღვანელობდა მას. ფლობს აზერბაიჯანულ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია