მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე ზაურ დარგალის ნათესავები არიან დასაქმებული - არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში
„მრავალეროვანმა საქართველომ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, მარნეულის რამდენიმე საუბნო საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და პარლამენტარ ზაურ დარგალის ახლო ნათესავები არიან შესული.

„მარნეულის #89 უბანზე კომისიის წევრად აირჩიეს ანარ მამიშოვი, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია; მარნეულში უბნის წევრები: აფინა დარგალი (#22.04), გიულნარა დარგალი (#22.05), დილარა დარგალი (#22.66) და სამირა დარგალი (#22.67) საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის - ზაურ დარგალის ახლო ნათესავია“. - აღნიშნულია „მრავალეროვანი საქართველოს“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში

ორგანიზაციის ცნობით, იმ საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც მრავალეროვნი საქართველოს დამკვირვებლები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევნებს აკვირდებოდნენ, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა პროცესს უნდობლობა გამოუცხადეს. ანგარიშის მიხედვით, მარნეულში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

„მარნეულში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირეს მხარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლელოს, გირჩის, სტრატეგია აღმაშენებლის და ევროპული საქართველოს მიერ დანიშნულმა წევრებმა“.

ანგარიშში საუბარია საარჩევნო კომისიების ეთნიკურ შემადგენლობაზეც. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 წევრიდან მხოლოდ ორია ეთნიკურად აზერბაიჯანელი. საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი, თოთხმეტი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ნინოწმინდისა და ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიებში არიან დასაქმებული, შვიდ ოლქში თითო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენ 11-ში არცერთი.

„რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებს, ეთნიკური უმცირესობების ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა შეინიშნება ნინოწმინდასა და მარნეულში. ნინოწმინდაში 296 არჩეული კომისიის წევრიდან - 283, ხოლო მარნეულში 720 არჩული წევრიდან - 579 წევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. სამონიტორინგო ოლქებიდან ეთნიკური უმცირესობების ყველაზე დაბალი წარმომადგებლობა გვხვდება სამგორის ოლქში, სადაც არჩეული 582 კომისიის წევრიდან მხოლოდ 13 არის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი“. - აღნიშნულია ანგარიშში

„მრავალეროვანმა საქართველომ“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი 2021 წლის 1 ივნისიდან 4 მუნიციპალიტეტში 4 დამკვირვებლის მეშვეობით დაიწყო. შუალედური ანგარიში 2021 წლის 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს ფარავს.

რადიო „მარნეული“



Print