სახელმწიფო მაყურებლის პოზაში და საინფორმაციო კამპანიის მიღმა მარნეულში

ერთ წელზე მეტია მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის.

ინფიცირების ათასობით შემთხვევა და ათასობით გარდაცვლილი - ასეთია პანდემიის შედეგები საქართველოში. კორონავირუსმა პრობლემები შექმნა ყველა სფეროში და თვალსაჩინო გახადა სად ვერ, ან არ მუშაობს სახელმწიფო.

დღეს, ვაქცინაციის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, მარნეულსა და ქვემო ქართლში აცრის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 15 მარტიდან 19 სექტემბრამდე პერიოდში, ქვემო ქართლში სულ 60 143 ვაქცინა გაკეთდა. აქედან 36 931 ადამიანიმინიმუმ ერთი დოზით, ხოლო 23 212 სრული დოზით აიცრა. ქვემო ქართლს ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობით უსწრებს კახეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, იმერეთეი, აჭარა და თბილისი.

ქვემო ქართლში ვაქცინაციის დაბალ დონეს არაქართულენოვან მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს პლატფორმა „სალამის“ საბჭოს წევრი ქამრან მამედლი. მისი განმარტებით, სახელმწიფომ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე დროულად ვერ მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსის ვაქცინაციის შესახებ. მეორე მხრივ, ვაქცინაციის კამპანიის ირგვლივ გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ მოსახლეობაში უნდობლობა გამოიწვია, რამაც რეგიონში აცრის პროცესზე დიდი გავლენა იქონია.

კორონავირუსმა ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებრივ მდგომარეობასაც, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.აზერბაიჯანულენოვან მოქალაქეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებზე. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსახლეობას გასაგებ ენაზე ინფორმაცია არ მიაწოდა.

როგორი იყო სახელმწიფოს დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ კორონავირუსის პანდემიისას, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დადგნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და როგორ შეცვალა კორონავირუსმა მათი უფლებრივი მდგომარეობა? - რადიო „მარნეულის“ ამ კითხვებს პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან მამედლი პასუხობს.

- უკვე ორი წელია რაც პანდემიურ პირობებში გვიწევს ცხოვრება. შეგვიძლია ვთქვათ,, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირველმა ხაზმა მარნეულში გაიარა. როგორ შეაფასებთ სახელმწიფოს დამოკიდებულებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მიმართ კორონავირუსის პანდემიისას?

მე მგონია, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება პანდემიის პირველივე დღეებიდან, ზოგადად ვირუსთან ბრძოლის პროცესში, პრობლემური იყო იმ გაგებით, რომ მთელ მსოფლიოში უცნობი ვიუსი იყო და მისი მართვა, მენეჯმენტი, შესაძლო შედეგები ამოუცნობი იყო ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. განსაკურებით დასაფიქრებელია, თუ რა მოიმოქმედა სახელმწიფომ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში პანდემიის მართვის დროს. ჩვენ გვახსოვს, რომ პანდემიის პირველივე დღეებიდან, როდესაც დღეში რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა ვლინდებოდა, მართლაც და აგრესიული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა მედიასივრცეში იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ძალიან საშიში, საფრთხილო ვირუსი, რომელსაც შეუძლია ძალიან ფატალური შედეგის მოტანა. ამ რეალობაში მსგავსი საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობების გასაგებ ენაზე არ მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი, რომელიც ვალდებულია ინფორმაცია გაავრცელოს ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზე და ადგილობრივი მედიების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სუსტი იყო. მე მგონია, რომ ამ პერიოდში სახელმწიფოს საკუთარ თავზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა, რადგანაც ჩვენი ყოფა, ჩვენი რეალობა ვიცით, რომ ეთნიკური უმცირესობების უმრავლესობამ არ იციან სახელმწიფო ენა, სახელმწიფო ვალდებული იყო ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის ადგილობრივი მედიაორგანიზაციების მხარდაჭერით, ეს ინფორმაცია, რაც ქართულ მედიაში ვრცელდებოდა, არაქართულენოვან მოსახლეობამდეც მისულიყო. ეს იყო კორონავირუსის დასაწყისი ეტაპი, როდესაც სახელმწიფომ არასწორი პოლიტიკა დაგეგმა და საინფორმაციო კამპანიაში არ ჩართო არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება. ასევე ძალიან პრობლემური გადაწყვეტილება იყო, როცა ერთი კონკრეტული შემთხვევის გამო, სახელმწიფომ მთლიანად ორი მუნიციპალიტეტი ჩაკეტა იმ მიზეზით, რომ ამ ადამიანს ჰქონდა კორონავირუსი და სხვადასხვა ადგილში დადიოდა, მაშინ, როდესაც ზუსტად იგივე შემთხვევა იყო, როდესაც თბილისელი პაციენტი, ეთნიკურად ქართველი, იყო ინფიცირებული, მაგრამ თბილისის ის უბნები არ ჩაკეტეს, ანუ სახელმწიფომ იგივე მექანიზმი, რაც მარნეულში და ბოლნისში გამოიყენა, თბილისში აღარ გამოიყენა. მე მგონია, რომ ეს პირდაპირი დისკრიმინაცია არ იყო, მაგრამ იყო ეთნიკური უმცირესობების ირიბი დისკრიმინაცია.
ეს დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ გაგრძელდა. ამ ჩაკეტვების პარალელურად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში მკაცრი საპოლიციო მართვა მიმდინარეობდა. ყველა მოქალაქის დაჯარიმებაზე იყო გადასული და მაგალითად „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატებმა რამოდენიმე საქმე მოიგეს კიდევაც, როცა ადამიანი მიდიოდა უბრალოდ მაღაზიაში და ეს ადამიანი დააჯარიმეს იმიტომ, რომ ის ქუჩაში სხვა პირს შეხვდა. პოლიციური კონტროლი იყო ძალიან მკაცრი. ალბათ, იმ არგუმენტით, რომ მათ არ შეეძლოთ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და მოსახლეობისთვის ამ ყველაფრის სწორად ახსნა. რაც ყველაზე მთავარია, მაშინაც კი, როდესაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, მხოლოდ მას შემდეგ ჩაინიშნა ბრიფინგი აზერბაიჯანულ ენაზე, რამდენიმე საათის დაგვიანებით, რაც აქტივისტებმა სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოთქვეს.

- როგორია თავად ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულება კორონავირუსის პანდემიის მიმართ და რა მთავარი გამოწვევების წინაშე დადგნენ ისინი?

საინფორმაციო კამპანია არის აუცილებელი და სახელმწიფოსა და მედიის მიერ განხორციელებულ საინფორმაციო კამპანიაზე იყო ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ ეთნიკურ უმცირესობებს კორონავირუსთან მიმართებაში და პრობლემურია ის ფაქტიც, რომ ძალიან მარტივია დეზინფორმაციის გავრცელება კონკრეტრულ საკითხებთან დაკავშირებით, თუ ამ საკითხებზე მოსახლეობას სწორი ინფორმაცია არ მიეწეოდება. პირველ პერიოდში, ამ რეალობაში, საინფორმაციო ვაკუუმში ძალიან ბუნებრივი იყო ის, რომ მოსახლეობის უმეტესობაში ძალიან მცდარი, არასწორი და პრობლემური მოსაზრებები არსებობდა ამ ვირუსთან დაკავშირებით. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს დამოკიდებულება, მათ შორის, სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის შემდეგ ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ამ საკითხზე კვლევები არ არსებობს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა გავრცელდა, ადამიანები დაინტერესდნენ. იყო მცდარი მოსაზრებებიც, მაგრამ იყო სწორი ინფორმაციის გავრცელების გამოცდილებებიც. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საპოლიციო კონტროლი ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებას ქმნიდა მოსახლეობაში და იყო მოსაზრებები, რომ მარნეული და ბოლნისი სპეციალურად ჩაკეტეს და სხვადასხვა პრობლემური მოსაზრება, რაც პანდემიის პირველ ეტაპზე მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში გავრცელდა. ერთი საკითხის ხაზგასმაც მნიშვნელოვანია, რომ ამ პეროდში ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი აქტივისტების და მედიის როლი. ამ ადამიანებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა მათ შორის სახელმწიფო ორგანოებიც ხშირად ელოდნენ დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის ფლაერების დასარიგებლად. ჩვენ გვახსოვს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტოს მიერ ფლაერების დარიგება დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერის შემდეგ, მანამდე სახელმწიფომ ვერ მოიცალა და ვერ შეძლო ფინანსების მოძიება, რათა საინფორმაციო კამპანია დაეგემა მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე.

- უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით, რა ძირითადი ხარვეზები დაგვანახა კორონავირუსის პანდემიამ და გახდა თუ არა სხვადახვა პრობლემური საკითხები უფრო ნათელი?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ორი პერსპექტივიდან დასანახია, იყო ინტეგრაციის პოლიტიკის ჩავარდნა. პანდემიამ გააშიშვლა ის რეალობა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ერთმანეთისგან დაშორიებული ჯგუფები ვართ ჩვენი ქვეყნის შიგნით და ხშირად, ძალიან რთულია კრიზისულ პირობებში სწრაფი კომუნიკაცია, ხშირად ძალიან რთულია ასეთ პირობებში ერთმანეთისთვის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვა. მე მახსოვს, რომ როდესაც ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში მცირე ინციდენტი მოხდა და ამის შემდეგ ბევრი ადამიანი განსაკუთრებული აგრესიით იყო სოციალურ ქსელებში ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო თანამდებობის პირის კომენტარიც კი, რომელიც ამბობდა, რომ საჭირო იყო ამ ყველა ადამიანის ჩაკეტვა და ერთად მიშვება, რომ ამოხოცილიყვნენ. ეს დამოკიდებულებები და სხვადასხვა აგრესიული, რასისტული, ქსენოფობიური კომენტარი, ხშირ შემთხვევაში, უმცირესობების (მისამართით) დამამცირებელი იყო. ამან დაგვანახა ის, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ხშირად ეძებს განტევების ვაცს და ხშირად ეს განტევების ვაცი, ასეთ პირობებში, არის ეთნიკურად აზერბაიჯანელების თემი და მეორე მხრივ, დაგვანახა ის, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელების თემისთვის გასაგებ ენაზე თუ არ მივაწვდით ინფორმაციას ასეთ კრიზისულ პერიოდში, ძალიან მარტივია ერთი მხრივ, შეფერხდეს ინტეგრაციის პროცესი. ამ ყველაფერში სახელმწიფო თითქოს და მაყურებლის პოზიციაში დარჩა და არც კი აღიარა, რომ მან, უპირველეს ყოვლისა, დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როცა საინფორმაციო კამპანია არ დაიწყო ადგილობრივ დონეზე. ამან მართლაც და ძალიან დაარტყა ინტეგრაციის პროცესს ჩვენს ქვეყანაში და დაგვანახა, გააშიშვლა, თუ რაოდენ ღრმაა ჩვენს წინაშე არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის სიცარიელეები და ხარვეზები, რომელსაც ხშირად სახელმწოფო არაკრიზისულ ვითარებაში არც კი აღიარებს.

- როგორ შეცვალა კორონავირუსმა ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში?

ამ შემთხვევაში რამოდენიმე შემთხვევაზე შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც ის ამბავია, რომ ეთნიკური უმცირესობებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ამ პერიოდში, განსაკუთრებით რთული იყო. გარდა ზოგადი ინფორმაციისა, სახელმწიფო ამ პერიოდში ახორციელებდა პროგრამას ეკონომიკური ჩავარდნების თავიდან აცილებისა და ეკონომიკური კრიზისის აცილების გამო. ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფომ, რომელმაც მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა წამოიწყო, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქართული ენის მცოდნე პირებისათვის იყო ხელმისაწვდომი. ის რეგიონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალდა და ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, ვგულისხმობ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს, ამ პერიოდში მათთვის ეკონომიკური კრიზისი და ეკონომიკური დარტყმა უფრო დიდი იყო, ვიდრე დანარჩენი საქართველოსთვის. მიუხედავად ამისა, როდესაც სახელმწიფომ მოქალაქეების მხარდაჭერაზე დაიწყო ფიქრი, ყველა დახმარება იყო ქართულ ენაზე და რომ არა ჩვენი ორგანიზაცია, პლატფორმა „სალამი“ და ასევე, ადგილობრივ დონეზე აქტივისტური ჯგუფები, მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი დარჩებოდა ამ დახმარების გარეშე. მაგალითად, „სალამმა“ 500-მდე ადამიანი დაარეგისტრირა თვითდასაქმებულთა კომპენსაციის მისაღებად და რომ არა ჩვენი, ან სხვა აქტივისტური ჯგუფების მუშაობა, ეს ადამიანებიც კი ვერ მიიღებდნენ ამ დახმარებას და არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ამ სამუშაოებს ვაწარმოებდით და ვეკითხებოდით თვითმმართველობებს თუ თავად რატომ არ არეგისტრირებდნენ ადამიანებს ამ კომპენსაციის მიღებისათვის, პასუხი იყო მარტივი და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი და გაუგებარი, რომ მეზობელი ან ვინმე სხვა ადამიანი უნდა მოეძებნათ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს და მათი მხარდაჭერით დარეგისტრირებულიყვნენ.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

სახელმწიფო არასწორი მსოფლმხედველობიდან თუ არასწორი პერსპექტივებიდან გამოდინარე, ხშირად უარს ამბობს თარგმნის რესურსის გამოყენებაზე. ჯერ კიდევ პანდემიის პირველივე დღეებიდან, ვებგვერდი Stopcov.ge, რომელიც ორიენტირებული იყო მოქალაქეების ინფორმირებულობაზე ვირუსთან დაკავშირებით, იყო მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე და სამოქალაქო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე გადაითარგმნა. დღეს, ჯერ კიდევ აცრისთვის რეგისტრაციის გავლის ვებგვერდი მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენზეა და ეს მიუწვდომელია ეთნიკური უმცირესობებისთვის. ვიცით, რომ სახელმწიფომ დაიწყო რეგიონებში გასვლა და ადგილზე აცრების გაკეთება რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საინფორმაციო კამპანია უნდა მიყვებოდეს ამას, რადგან აცრასთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს. მაგალითად, ჩვენ ვმუშაობთ სოფლებში და ვხედავთ, რომ შეზღუდული შერსაძლებლობის მქონე პირების აცრასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, არაა საინფორმაციო კამპანია, ეთნიკური უმცირესობების გასაგებ ენაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რატომაა აცრა მნიშნველოვანი. ამის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრების შესახებ სინფორმაციო კამპანიებიც ძალიან სუსტია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ თავისი მუშაობის ყოველდღიურობაში იფიქროს ეთნიკური უმცირესობების პერსპექტივიდან, კრიზისული სიტუაცია იქნება თუ არაკრიზისული, ყველა საკუთარი პოლიტიკა შეაფასოს ეთნიკური უმცირესობების თემის ინტერესებიდან გამომდინარე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის კორონავირუსის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ქალაქში ორი ბანერი გააკრა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ინფორმაციის გავრცელებისათვის შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ფლაერებიც დაბეჭდა. ის მარნეულის სოფლებში მერიის თანამშრომლებმა დაარიგეს. საინფორმაციო კამპანიის კონტექსტში, მერის მოვალეობის შემსრულებელი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მის და მერიის თანამშრომლების მიერ მარნეულის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუებსაც, სადაც საუბარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე იყო.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები