მარნეულში ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალეს
დღეს, 4 ოქტომბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანი ილურიძემ განაცხადა, რომ უბნების გადათვლის მიზეზი საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ ხმების 10% უნდა გადაითვალოს.

„გუშინ საოლქო კომისიის სხდომაზე, ლოტოტრონის საშუალებით, შერჩევითი შემთხვევის პრინციპით შეირჩა ის უბნები, რომლის გადათვლაც ახლა მიმდინარეობს. ითვლიან ბიულეტენებს, ახარისხებენ და ითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის სიაში“ - განაცხადა ანი ილურიძემ

ხმების გადათვლაზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა როგორც სადამკვირვებლო, ისე მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ხმები გადაითვალეს N43 კაჩაგნის უბანზე, N17 ჩანახჩის უბანზე, N19 ახლოლალოს უბანზე, N82 კაჩაგნის უბანსა და N32 მოლაოღლის უბანზე.

ხმების გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ ოთხ საარჩევნო უბანზე გადათვლილის შედეგები და შემაჯამებელი ოქმის შედეგები ერთმანეთს ემთხვეოდა, ხოლო ერთ, N82 უბანზე, შემაჯამებელ ოქმში ცდომილება იყო.

„ამომრჩევლის მიერ ხელმოწერების შესახებ სამივე სახის შემაჯამებელ ოქმში იყო დისბალანსი და გამოირკვა, რომ სამაგიდო სიებში არსებული ხელმოწერები იყო მხოლოდ გადათვლილი და მას არ ჰქონდა დამატებული 6 ერთეული სპეციალურ სიაში არსებული ხელმოწერების რაოდენობა. მხოლოდ ეს იყო დისბალანსის საბაბი, ამასთან დაკავშირებით შედგება ოქმი, ასე რომ ისეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა რომელმაც შესაძლოა შედეგებზე მოახდინოს გავლენა“ - განაცხადა მარნეულის საოქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მარნუელის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი კენან ომაროვი გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 68,01% აიღო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები