მანრეულის 83-ე საარჩევნო უბანზე თავდასხმის შემდეგ დაშავებული ირაკლი ქველაძე მკურნალობას სახლში აგრძელებს
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „გირჩიდან“ ირაკლი ქველაძე არჩევნების დღეს მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ წერს და სამართალდამცავ უწყებებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ქველაძის განცხადებით, მან როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა მიიღო ინფორმაცია, რომ ყიზილაჯლოში N83 უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. უბანზე მისვლის დროს კი მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„N83 საუბნო კომისიაში იყო არაერთი პროცედურული დარღვევები როდესაც მოვუწოდე დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორება ეს არ ესიამოვნა ერთერთ კომისის წევრს (რეგისტრატორს) და იქ მყოფი დამკვირვებელს რის შემდეგაც განახორციელეს ჩემზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა. ამ დროს უბანზე შემოიჭრნენ დაახლოებით 30 უცხო პირები რომლებიც იმუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით როგორცკი უბანს დავტოვებდით !!! მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს პოლიცის გამოჩენის თანავე დატოვეს პერიმეტრი ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით“. - წერს ირაკლი ქველაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის განმარტებით, მან თავდასხმის დროს თავის ტვინის შერყევა მიიღო. სამი დღის განმავლობაში ის მკურნალობას მანრეულის „ავერსის“ კლინიკაში გადიოდა, ხოლო 14 დღის განმავლობაში, ექიმის რეკომენდაციით, სახლში გააგრძელებს მკურნალობას.

„აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ კოლეგას ბატონ ელგუჯა ჩხიტუნიძეს და ზემოთ ხსენებული უბინის კომისის წევრებს ქალბატონ თეას და მაიას რომლებმაც შეძლეს და დამიცვეს დამატებითი თავდასხმისაგან...“ - წერს ქველაძე

რადიო „მარნეული“ ირაკლი ქველაძესთან თავდასხმის შესახებ გასაუბრებას შეეცადა. როგორც ქველაძემ გვითხრა, ამ დრომდე თავს ცუდად გრძნობს და ვერ საუბრობს, რის გამოც დამატებითი კომენტარი ვერ გააკეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის 83-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები