“ენმ“ მარნეულელებს მოუწოდებს სააკაშილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაცია ადგილობრივებს მოუწოდებს 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. „ენმ“-ს მხარდამჭერები მარნეულში პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ და განცხადებები გააკეთეს. თქვეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქციაზე წასვლას ტრანსპორტის გამო ვერ მოახერხებენ, მათ გადაადგილებას უზრუნველყოფენ.



“ბუნებრივია განსაკუთრებულ მობილიზებას ვახდენთ ამ აქციისთვის იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ეს ადამიანი, რომელმაც თავი გასწირა ქვეყნისთვის შიმშილობს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჯანმრთელობის მხრივ. ჩვენს იმედად ჩამოვიდა ადამიანი, ამიტომ ჩვენი ვალია ვიყოთ ბევრი და ეს ადამიანი გამოვიხსნათ რუსეთის ტყვეობიდან. წერილიც მოგვწერა (მიხეილ სააკაშვილმა), რომ ძალიან დიდი იმედი აქვს მარნეულელების განსაკუთრებით“
- თქვა მარნეულის „ენმ“-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მუმლაძემ.

შტაბთან შეკრებილ ადამიანებს მიმართა ერთიანი ნაციონალუ მოძრაობის წევრმა ლაშა ქველაძემაც. როგორ მან აღნიშნა, ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წვლილი ქვეყნის წინაშე და გვერდში უნდა დაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს.



„მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ მებრძოლი ერი და ჩვენ გმირ მიხეილ სააკაშვილს არ მივატოვებთ. ამიტომ, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ ხვალ, 18:00 საათზ გავიდეთ თავისუფლების მოედანზე და ჩვენი ხმა გავაგონოთ როგორც ხელისუფლებას, ასევე მთელს მსოფლიოს. ხელისუფლებამ, რომელმაც არჩევნები მოგვპარა, უნდა იცოდეს ხალხი არ არის მშიშარა და არ შეეგუება ამ გაჭირვებას და უიმედობას“ - ამბობს ლაშა ქველაძე



საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობას განაგრძობს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი აპირებს, რომ 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბოს.

Print