საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების ზრდა, შესაძლოა, სამოქალაქო სექტორის აქტიურ მუშაობას უკავშირდებოდეს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ანალიტიკური დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე მოამზადეს.

არჩევნების დღეს ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მუშაობდა მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.

ქვემო ქართლში ძირითად პოლიტიკურ აქტორად ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გვევლინებოდა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში - ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და გახარია საქართველოსთვის. ამასთანავე, ორივე რეგიონში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიპოვეს გამარჯვება. ქვემო ქართლის ზემოთ ხსენებულ მუნიციპალიტეტებში ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, გარდა დმანისში პოლიტიკური პარტიისა „პროგრესი და თავისუფლება“, რომელმაც ერთი საკრებულოს წევრი გაიყვანა. ახალქალაქში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა ბარიერი ევროპულმა საქართველომ და ლელომ გადალახეს. ხოლო, ნინოწმინდაში - გახარიას პარტიამ და ევროპულმა საქართველომ. თითოეულ მუნიციპალიტეტში არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, საკრებულოს წევრების ეთნიკური მაჩვენებელი შემდეგია:

მარნეულის საკრებულო: 21 არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი და 12 დომინანტი ჯგუფის წარმომადგნელი. (უმცირესობების მონაწილეობა გაიზარდა 4 წარმომადგენლით).

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნვეს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმცირესობების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთ მიზეზი, შესაძლოა, ადგილობრივი აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური მუშაობა და კრიტიკა იყო. ამასთანავე, საკრებულოებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების რეპრეზენტაციაც გაიზარდა და თუ 2017 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არც ერთი უმცირესობების წარმომადგენელი ქალი არ იყო, 2021 წლის არჩევნების შემდეგ, მარნეულის საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 5 ქალი იქნება.

"საერთო ტენდენციების მიუხედავად, ჩვენი დაკვირვებით, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში პოლიტიკური პროცესები და ამომრჩეველთა ქცევა ერთნაირი არ ყოფილა. ქვემო ქართლში, მიუხედავად არსებული დაძაბული ყოფისა, პოლიტიკური პროცესები უფრო დინამიური და დივერსიფიცირებულია. ამ რეგიონში ოპოზიციას შედარებით მეტი და ხანგრძლივი წარმომადგენლობა და მხარდაჭერა გააჩნია. მეორეს, მხრივ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პოლიტიკური პროცესები სუსტია და არააქტიური. ამასთანავე, სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლთან შედარებით სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით ძალიან სუსტია და ჯავახეთში ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფები, თვითორგანიზების პრაქტიკები და სათემო ლიდერები ძირითადად უჩინრად რჩებიან" - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანიბიც ცენტრი თვლის: მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დემოკრატიული მონაწილეობის და ჩართულობის რეალური პირობები შეიქმნას და მმართველმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვან ამ რეგიონების და ხალხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებაზე, რომელიც ამ რეგიონების პერიფერიალიზაციის, ჩამორჩენისა და კონტროლის ერთ-ერთი ცენტრალური პოლიტიკური მიზეზი რჩება. ამასთან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების მუშაობა ამ რეგიონებში ელექტორალური ინტერესიდან ტრანსფორმაციულ ინტერესზე დაფუძნებაზე გადავიდეს და მათ გააცნობიერონ ინტეგრაციისა და სოციალური ცვლილებებისთვის ადგილზე უფრო სერიოზული და ყოველდღიური პოლიტიკური მუშაობის მნიშვნელობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია