მარნეულში კარიერის დაგეგმვის სერვისი ამოქმედდება
დღეს, 15 ოქტომბერს, მარნეულის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შპს „მარნეულის კოლეჯ“, შპს „მარნეულის სამედიცინო კოლეჯ“, შპს „მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯსა“ და სსიპ „კოლეჯი მოდუსი მარნეულთან“ სამუშაო ვიზიტი განხორციელდა.

კოლეჯებთან სამუშაო შეხვედრა პროექტ „ადგილობრივი ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება ცოდნისა და უნარებისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი ხათუნა იოსელიანი რადიო „მარნუელთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში ორ პარტნიორ ორგანიზაცია „მარნეულის დეოკრატ ქალთა საზოგადოებასთან“ და „ახალი აზროვნების ინსტიტუტთან“ ერთად მუშაობენ.

„ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვმუშაობთ როგორც უშუალოდ ახალგაზრდებთან, ასევე პროფესიულ სასწავლებლებთან. ამჟამად გვყავს 13 პარტნიორი პროფესიული სასწავლებელი, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრა კოლეჯების ხელმძღვანელებთან რომ გავაცნოთ ჩვენი სამომავლო გეგმები თუ რას ვგეგმავთ ამ პროექტის ფარგლებში, რა ტრეინინგები იქნება შეთავაზებული ამ კოლეჯის პედაგოგებისათვის და თუ რა დამხმარე სახელმძღვანელოზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელსაც შემდგომ კოლეჯი გამოიყენებს“.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლის განმარტებით, კოლეჯში ახალგაზრდების ვიზიტებიცაა დაგეგმილი, რათა გაიცნონ თუ რა პროგრამები აქვთ კოლეჯებს.

„ახალგაზრდებთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. ესაა, ინგლისური ენის უნარების გაძლიერება, რაც მათ ძალიან ბევრ სფეროში დასაქმებაში დაეხმარება, კომპიუტერული უნარების გაძლიერება, ასევე შევთავაზებთ მეწარმეობის უნარების გაძლიერების კურსს, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება და ამას გარდა წარმატებულ მონაწილეებს ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესებში დასაქმებას, სტაჟირების გავლას“.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძემ განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია პირველი ნაკადის კურსები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებში, ხოლო სამომავლოდ მიმდინარეობს ახალგაზრდების ჯგუფების ფორმირება, რომლებიც ძირითადად სოფლებში ცხოვრობენ.

„ასევე დაიგეგმა მესამე კურსი, რომელიც ეხება მეწარმეობის უნარების განვითარებას და მომავალი კვირიდან ვიწყებთ საკონსულტაციო სერვისს, ჯერ-ჯერობით ყველაფერი ონლაინ იქნება, მაგრამ რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ორშაბათიდან. ეს იქნება პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგემვის სერვისი. დაგეგმილია დამატებითი კომუნიკაცია სკოლებთან, რადგან პროფორიენტაცია სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ჯერ-ჯერობით, ძალიან დიდი გამოწვევები არსებობს, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ქალებში და მითუმეტეს შშმ პირებში. ამ პროექტის ფარგლებში ეს ჯგუფები ჩვენი მთავარი მიზნობრივი ჯგუფები არიან“.

ენდელაძის განმარტებით, პროექტი ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე დაიგეგმა, რის გამოც მისი განხორციელების დროს გარკვეული სახის სირთულეების წინაშე დადგნენ. ამბობს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ხალხმრავალ შეხვედრას მოიაზრებდა ონლაინ სივრცეში გადაიტანეს.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ და „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები