გერმანიის ახალი მთავრობა მხარს დაუჭერს საქართველოს EU-სთან დაახლოებას
გერმანიის მომავალმა მმართველმა კოალიციამ, რომელშიც სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები ერთიანდებიან, კოალიციური მთავრობისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნეს.

დოკუმენტი სხვა საკითხებთან ერთად შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას და ამ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებას.

დოკუმენტის თანახმად, მომავალი მთავრობა იმუშავებს ევროკავშირთან და მის წევრებთან ერთად, რათა გააღრმაონ აღმოსავლეთ პარტნიორობა.

„უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რომლებიც ესწრაფვიან ევროკავშირის წევრობისაკენ, კანონის უზენაესობასა და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული რეფორმების გზით, უნდა ჰქონდეთ დაახლოების შესაძლებლობა.

ჩვენ მტკიცედ და საიმედოდ ვიმოქმედებთ დემოკრატიული რყევებისას (ამ ქვეყნებში) და ვიქნებით პარტნიორები დემოკრატიული მოძრაობებისთვის“,
– ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კოალიციის თანახმად, ისინი იმუშავებენ, რათა გამარტივდეს სამოქალაქო მიმოსვლა რიგი სავიზო გამარტივებების გზით.

გერმანიაში ფედერალური საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართა. არჩევნებში ხმათა ყველაზე დიდი ნაწილი სოციალ-დემოკრატებმა აიღეს. მეორე ადგილზე ქრისტიან-დემოკრატების კავშირი გავიდა, რომელიც ორ პარტიას აერთიანებს, მესამეზე- მწვანეები, მეოთხეზე კი – თავისუფალი დემოკრატები.

არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მთავრობის კოალიციის ფორმირების შესახებ.

2021 წლის არჩევნებით გერმანიაში დასრულდა ანგელა მერკელის ეპოქა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია