ხუთი წლის განმავლობაში უფუნქციოდ დატოვებულ შენობაში სახელოვნებო სივრცე გაიხსნება
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ახალი კულტურულ-შემოქმედებითი სივრცე იხსნება.

ხალიჩების ქსოვა, კერამიკული ჭურჭლის და სუვენირების დამზადება, ხელნაკეთი თოჯინების დამზადება - ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც ახალ სახელოვნებო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შავიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის სახელოსნოს გაკეთების სურვილი წლების განმავლობაში ჰქონდათ.

„იცით, რომ ამ მიმართულებების გამრავალფეროვნებაზე მუდმივად ვზრუნავთ. ტრადიციულ რეწვას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახელოვნებო მიმართულებებში. სწორედ აქედან გამომდინარე იყო, რომ მივმართეთ მერიას რათა ეს სივრცე გადმოეცათ ჩვენთვის საქმიანობის განსახორციელებლად, რაც დაგვიკმაყოფილდა მყისიერად. ამ რეწვის სტუდიაში იქნება სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებები - ხელნაკეთი ხალიჩების ქსოვა, კერამიკული ჭურჭლის და სუვენირების დამზადება, ხელნაკეთი თოჯინების დამზადება. სამომავლოდ, იქნება თექის დამუშავება, მინანქრით ლითონის დაფარვის ტექნიკა და ა.შ. სამომავლოდ ვეცდებით, რომ უფრო მეტი მიმართულებები ავითვისოთ და ადგილზე შესაძლებელი იყოს ამ ხელობების შესწავლა“ - განაცხადა ნატო შავიშვილმა

ახალ სახელოვნებო სივრცეში მისვლა და მისთვის სასურველი ხელობის დაუფლება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის იქნება შესაძლებელი. მარნეულის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელოვნებო სივრცეში მისულ მოქალაქეს ქვემო ქართლის ტრადიციული აზერბაიჯანული ხალიჩების მოქსოვის შესწავლაც შეეძლება.

„ტურისტული დანიშნულებაც ექნება იქედან გამომდინარე, რომ ძალიან თვალსაჩინო ადგილზეა განთავსებული. კულტურული ტურიზმის განვითარებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული, ადგილზე ჩამოსულ სტუმარს ექნება საშუალება შევიდეს და იქ არსებული ექსპონანტები დაათვალიეროს, თან თავადვე ჩაერთოს ამ პროცესში, მოქსოვოს რამდენიმე ორნამენტი, გააკეთოს თოჯინა ან ა.შ.“ - განაცხადა ნატო შავიშვილმა

მარნეულის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს ახალი სახელოვნებო სივრცის გახნისთანავე დაინტერესდნენ მასში არსებული სერვისებით და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა ხელობის შესწავლაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი სახელოვნებო სივრცე მანრეულის ბიბლიოთეკის წინ არსებულ „უფუნქციო“ შენობაში გაიხნება. აღნიშნული შენობის მშენებლობა 2016 წლის 31 ოქტომბერს დასრულდა რაშიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 33 350 ლარი დახარჯა. ხუთი წლის განმავლობაში შენობა უფუნქციოდ იდგა და მას ძირითადად საწყობად იყენებდნენ.

რადიო „მარნეული“

ფოტო: მარნეულის კულტურის ცენტრის ფეისბუქ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია