კოტლეტი და გუფთა მენიუში და უხორცო საჭმელი თეფშში - რას (არ) აჭმევდა მერია მარნეულელ ბავშვებს
2021-2022 სააღმზრდელო წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ხორცპროდუქტების შეტანა თვითა და ათი დღით დააგვიანეს. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არც 2020 წელს იყო. მაშინ, როცა ბავშვები შვიდი თვით სახლში გამოკეტეს, მარნეულის ა(ა)იპ ბაღების გაერთიანებამ სასურსათო კალათა მხოლოდ ერთხელ დაარიგა.

რატომ დააგვიანეს ბაღებში ხორცის შეტანა, რატომ არ გაზარდა სატენდერო წინადადების ღირებულება ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, რატომ შემცირდა ბიუჯეტიდან პატარების კვებაზე გამოყოფილი თანხა, რა მიზეზით დარიგდა ბავშვების კუთვნილი სურსათი მარნეულში ერთჯერადად - ამ საკითხებით რადიო „მარნეული“ დაინტერესდა.

ხორცპროდუქტების გარეშე დატოვებული საბავშვო ბაღები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან (4 ოქტომბერი) 15 ნოემბრამდე ხორცის კერძი არ მომზადებულა. ამის მიუხედავად, მშობლებს კედელზე გაკრულ დღის მენიუში ხან გუფთა ხვდებოდა, ხან ხორციანი ბორშჩი, ხანაც კოტლეტი.

"დღეს გუფთა ეწერა მენიუში და არ გვაქვს“, „ხორცი საერთოდ არ მოსულა ბაღში, რაც ვმუშაობთ“, „მენიუს ნუღა მკითხავთ და დარღვევებს“, „მართლა ცარიელი ხელებით დაგვაწყებინეს ამ პანდემიაში მუშაობა", - ეს კომენტარები მარნეულის სხვადასხვა საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ეკუთვნის. სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული პრობლემები მათ ერთ-ერთ აქტიურ მშობელს, მარნეულელ ნონა სამხარაძეს გაუზიარეს და ამბავიც გახმაურდა. შედეგად, 18 ნოემბერს ბავშვებს ხორცი მიუტანეს.



მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა რადიო „მარნეულთან“ ფაქტი არშემდგარი ტენდერებით ახსნა. შესყიდვების ვებგვერდზე შესულებს, გაერთიანების მიერ გამოცხადებული სამი წარუმატებელი ტენდერი დაგვხვდა. საქონლის ხორცისა და ქათმის ფილეს შეძენა მარნეულის მერიის ბალანსზე არსებულმა ა(ა)იპ-მ 21 ივლისს, 6 სექტემბერს და 21 სექტემბერს სცადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. თავდაპირველად უწყება 224 კილოგრამ საქონლის ძვლიანი ხორცში, 672 კილოგრამ რბილ ხორცსა და 672 კილოგრამ ქათმის ფილეში 25 648 ლარის გადახდას გეგმავდა.



ამბის გახმაურების შემდეგ, მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მუნიციპალიტეტში მოქმედი 11 საბავშო ბაღისთვის ხორცი, დაჩქარებული წესით, შპს „მ 3-ისგან“ შეისყიდა. 120 კილოგრამი საქონლის ძვლიანი ხორცი (კილოგრამის ღირებულება 15.40 ლარი), 360 კილოგრამი რბილი (კგ - 23 ლ) და 360 კილოგრამი ქათმის ფილე (კგ - 14.40ლ) უწყებას 15 312 ლარი დაუჯდა. ბაღების გაერთიანების მიერ ხორცის სამივე სახეობაში გადახდილი ფასი მის მიერ ტენდერში ნაჩვენებ ღირებულებას შევადარეთ და ჯამში თითქმის 3 000 ლარიანი სხვაობა მივიღეთ. თუ უწყება სატენდერო ღირებულებად, პირობითად, შპს „მ 3-ის“ ფასებს აიღებდა, რაც შეიძლება ითქვას, რომ საბაზრო ფასზე ნაკლებია, 1 568 კილოგრამი სამი სახეობის ხორცში არა 25 648 ლარი, არამედ 28581 ლარი უნდა შეეთავაზებინა.

შპს „მ 3“ ის კომპანიაა, რომელიც მარნეულის ბაგა-ბაღებს ხორცით წინა წლებშიც ამარაგებდა. მათგან პროდუქტის პირდაპირი წესით შესყიდვის ფაქტი ბაზაში 2018 წელსაც იძებნება. რადიო „მარნეული“ დაინტერესდა, რატომ არ მიიღო კომპანიამ ამჯერად ტენდერში მონაწილეობა. შპს "მ 3-ის" დირექტორი არჩილ დალაქიშვილი გვპასუხობს:

"ისეთი არარეალური ფასი დადეს, ძალიან დაბალი, რომ არ მოგვეწონა მაგ ფასში. ყველაფერი გაძვირებულია, ფილეც, საქონლის ხორციც. უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა მაგ ფასში მომეგო ტენდერი. გამოდის, რომ ბავშვებითვის უნდა მიმეტანა ძაან დაბალი კატეგორია და ჩვენ არ ვმუშაობთ ეგეთ ტენდერზე".

ბაღების გაერთიანებას სატენდერო ღირებულება არცერთხელ შეუცვლია. გამოდის, რომ მან არ მოიკვლია მიზეზი, არ შეისწავლა ბაზარი და და ბავშვები ხორცის გარეშე დატოვა. არის მეორე ალბათობა, - იცოდა, რა ხარისხის ხორცის შესყიდავა იყო შესაძლებელი ასეთ დაბალ ფასად და მაინც გამოაცხადა ტენდერი. სავარაუდოდ, ბაღებში ხორცპროდუქტს კიდევ დიდხანს არ შეიტანდნენ, ფაქტი რომ არ გახმაურებულიყო და საკითხით რადიო „მარნეული არ დაინტერესებულიყო. თუ რატომ არ გამოიყენა უწყებამ გადაუდებელი წესით შესყიდვის მექანიზმი მაშინ, როცა ტენდერი ჩავარდა, უცნობია. შეთავაზებული დაბალი ღირებულება კი ზაურ ქარიმოვმა ბაზარზე არსებულ ფასებთან შესაბამისობით ახსნა.
ფაქტი ერთია, მუნიციპალიტეტის 1 800 აღსაზრდელს 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 18 ნოემბრამდე, ხორციანი საჭმელი არ მიუღიათ. არადა, შესაძლოა, ზოგისთვის ეს ხორცპროდუქტის ჭამის ერთადერთი საშუალება ყოფილიყო.

რა კვებითი ღირებულება აქვს ხორცს ბავშვებისთვის?

ხორცი ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროდუქტია. "ავერსის" კლინიკის პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თამარ ობგაიძე ამის ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებს.

"უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ ბავშვის მითუმეტეს, კვების რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული. ხორცი არის ადვილად მოსანელებელი ცილა, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას. არსებობს ორი ტიპის ამინომჟავა. არის შეუცლელი ამინომჟავა მათ შორის, რომელიც სხვა პროდუქტებში არ შედის და აუციებელია ბავშვის განვითარებისთვის. ეს ეხება არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, არამედ მის გონებრივ განვითარებას. ზოგადად, ცილა არის საშენი მასალა ორგანიზმისათვის და ეს საშენი მასალა სჭრდება კუნთებს, უჯრედებს და ყველა ორგანოთა სისტემას. მეორე ფაქტორია ის, რომ ხორცი გახლავთ რკინის წყარო. რკინის დეფიციტი არ არის მხოლოდ რკინადეფიციტური ანემია. რკინა სჭირდება ძალიან ბევრ ფერმენტულ სისტემას, იმუნიტეტს, გონებრივ განვითარებას. მესამე, ეს არის B12 ვიტამინის წყარო. ეს ვიტამინი არის ასოცირებული განვითარებასთან. კიდევ ერთი, ეს არის თუთია, რომელსაც ასევე შეიცავს ხოცი და მნიშვნელოვანია ბავშვის გნვითარებისათვის. თუთია არის სამოცამდე ფერმენტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ბევრ სასიცოცხლო რეაქციის ფერმენტირებას ახორციელებს".

თამარ ობგაიძე ამბობს, რომ ბავშვმა სრულყოფილი განვითარებისთვის ხორცი კვირაში მინიმუმ ხუთჯერ უნდა მიიღოს. გამოდის, ბავშვების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო სრულიად უპასუხისმგებლოდ მოიქცა, თან პანდემიის დროს, როცა ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის UNICEF-ის მიერ შექმნილ კვების სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა მძიმე დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება ბავშთა ასაკიდან ჯანმრთელი კვების ჩვევის ჩამოყალიბებაა. სიმსუქნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, II ტიპის დიაბეტი, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე არასწორ კვებასთან პირდაპირ კავშირშია.

„სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმეტესობა დღის დიდ ნაწილს საბავშვო დაწესებულებაში ატარებს. შესაბამისად, დღის განმავლობაში მიღებული საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი მას ბაღში მიეწოდება. ამიტომ, ამ დაწესებულებებში პროდუქტების შერჩევას, სწორი მენიუს შედგენას, ასაკისთვის შესაბამისი კვების სიხშირეს, კვებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად“, - წერია 2016 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მომზადებულ სახელმძღვანელოში. UNICEF-ის რეკომენდაციით, ბაღის ასაკის ბავშვმა დღეში მინიმუმ 55 გრამი ხორცი უნდა მიიღოს.

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ ნაყიდ ყველაზე იაფ, ქათმის ფილეს ფასს თუ ავიღებთ, დღეში თითო ბავშვზე უწყებამ დაახლოებით 0.79 თეთრი უნდა დახარჯოს, ანუ მუნიციპალიტეტის 1800 აღსაზრდელზე დღეში 1422 ლარი. ეს კი თვეში დაახლოებით 28 512 ლარია. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად გაუგებარია, როგორ და რა საბაზრო ღირებულებით დაიანგარიშა ა(ა)იპ ბაღების გაერთიანებამ ტენდერში შეთავაზებული 25 648 ლარი.


რატომ ერგოთ მარნეულელ ბავშვებს სასურსათო კალათა მხოლოდ ერთხელ

მარნეულის ბაღების გაერთიანებას განსაკუთრებული ზრუნვა არც მაშინ გამოუვლენია, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაღები სასურსათო კალათას, პანდემიის გამო, სახლში გამოკეტილ აღსაზრდელებს სახლში უგზავნიდნენ.


2020 წელს, თბილისის მერიამ და სხვა მუნიციპალიტეტებმა საკვები პატარებს რამდენჯერმე დაურგეს. მარნეულის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა გაერთიანებამ კი სასურსათო კალათა მხოლოდ ერთხელ გაატანა მშობლებს. იმ წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბაგა ბაღებზე ჯამში 2 479 273 ლარი გამოყო. აქედან კვებაზე 542 187 ლარი იყო გათვლილი. შვიდთვიანი ჩაკეტილობისას, მუნიციპალიტეტის 2145 აღსაზრდელს ერთჯერადად, 60 დღის სამყოფი პროდუქტი გადასცეს. საკვებზე ჯამში 130 000 ლარი დაიხარჯა. გამოდის, რომ გაერთიანებამ ბავშვების კვებაზე დღიურად მხოლოდ ერთი ლარი გაიმეტა. ჩვეულებრივ სამუშაო პირობებში კი დღური კვება უწყებას ორ ლარზე მეტი უჯდება. ბაღების გაერთიანების უფროსი ამბობს, რომ 2020 წელს, მაშინ, როცა მთელი წლის განმავლობაში სააღმზრდელო დაწესებულებამ მაქსიმუმ სამი თვე იმუშავა, კვებაზე გამოყოფილი თანხა სრულად გახარჯეს.

500 გრამი ორცხობილა, 500 გრამი ბრინჯი, 1კგ მაკარონი, 1კგ შაქარი, 1 ლიტრი ზეთი, 400 გრ კარაქი, 3 ქილა შესქელებული რძე, 5კგ კარტოფილი, 1კგ სტაფილო, 500გრ ხახვი, 4 ლიტრი ხილის წვენი, 10 ცალი კვერცხი - ეს პროდუქტები მარიტას და გვანცას დედამ,  მარიამ სამხარაძემ,  2020 წლის 29 აპრილს მიიღო. ამბობს, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანებას ბავშვებისთვის კუთვნილი პროდუქტი მხოლოდ ერთხელ არ უნდა გაეგზავნა.

"თუ ეს იმის კომპენსაცია იყო მშობლებისთვის, რომ ბაღში არ დადიოდნენ და სახლში საკვებით დაეკმაყოფილებინათ ბავშვები, ეს საერთოდ არ იყო საკმარისი. გავიგე, რომ თბილისში და სხვა ქალაქებშიც ბევრჯერ დარიგდა და ვისურვებ, რომ ამაზე თანხები კი არ დაეზოგათ, არამედ შეესყიდათ და ისევ ბავშებისთვის დაერიგებინათ. შეიძლება მე მაქვს შესაძლებლობა, მაგრამ არის ისეთი ოჯახები, ვისაც არ ჰქონდა ამ პრიოდში ბავშვის გამოკვების შესაძებლობა და ბაღში გაშვება ნამდვილად არის შვება მაგ მხრივ".

მარიამ სამხარაძის მსგავსად, სხვა მშობლებიც ფიქრობენ, რომ მარნეულში გაერთიანებას ბავშვებზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო. სასურსათო კალათა მათ პატარებისთვის თვეში ერთხელ უნდა მიეწოდებინათ.

"ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ოჯახები. წვენები მოგვიტანეს, რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო და შეეძლოთ მაგის ნაცვლად შქარი ან ზეთი ეყიდათ. უფრო კვებითი ღირებულების პროდუქტი რომ გადაეცათ ოჯახებისთვის, უკეთესი იქნებოდა. აი, მაგალითად, ნახევარი კილო ხორცი", - ამბობს მარნეულელი მშობელი მარიამ ქველაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ ხორცპროდუქტები და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი ბაღების გაერთიანებას არცერთ მუნიციპალიტეტში არ დაურიგებია, რადგან მათი გაფუჭების ალბათობა მაღალი იყო.
მარნეულის ბაღების გაერთიანების უფროსის თქმით, პროდუქტი მხოლოდ ერთხელ იმიტომ დაარიგეს, რომ „რისკზე“ არ წასულიყვნენ.

„პროდუქტების დარიგება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ერთხელ დავარიგეთ და მერე თავი შევიკავეთ ამ დარიგებისგან. რისკი იყო პროდუქტების გაფუჭებასთან დაკავშირებით, სწორად დარიგებასთან დაკავშირებით (რედ. იგულისხმება რეგულაციების დაცვა). რაც გვქონდა გმოცხადებული ტენდერები, მადნდედან ავითვისეთ თანხები, მერე კიდე ახალი ტენდერების გამოცხადება იყო საჭირო და თავი შევიკავეთ", - გვეუბნება მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი.

რა უჯდება მარნეულის ბიუჯეტს საბავშვო ბაღის აღსაზრდელების კვება

სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2021 წელს, გასულ წელთან შედარებით 220 727 ლარით მეტი გამოყო, თუმცა კვების თანხა, წინა წელთან შედარებით, 248 265 ლარით შეამცირა. მიმდინარე წელს 1800 აღსაზდელის გამოკვებაზე 293 931 დაიხარჯება. ეს იმ ფონზე, როცა პანდემიის პერიოდში ყველა პროდუქტი,მათ შორის პური, გაძვირდა.

"ორი საბავშვო ბაღი არ მუშაობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია და დაიხურა. ასევე, წერეთლის ბაღში სამი ჯგუფი მუშაობს და შესაბამისად, ჯგუფების რაოდენობაც შემცირდა და ბავშვებიც ნაკლები დადის " - ასე ხსნის კვების ბიუჯეტის შემცირებას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი.

მარნეულის მუნიციალიტეტის მასშტაბით, სულ 14 სააღმზრდელო დაწესებულებაა. ამჟამად სასწავლო პროცესი 10 ბაღში მიმდინარებს, ორი რეკონსტრუქციის გამოა დაკეტილი, ერთი კი ავარიული შენობის გამო. 1800 აღსაზრდელის დღიურ სამჯერად კვებაზე 2.50 ლარია გათვალისწინებული. ეს მაშინ, როცა საქსტატის ოქტომბრის მონაცემებით, დღიური საარსებო მინიმუმი 7.47 ლარია.



მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2000 აღსაზრდელიდან 200-მდე დამატებით სიაშია და ამ დრომდე გამოთავისუფლებული ადგილების იმედად რჩება. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, როცა ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს საუკეთესო გამოსავლად საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა მიაჩნია, არავინ იცის, კიდევ რამდენხანს ივლიან ბავშვები ბაღებში. მარენეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებას პანდემიიდან ორი წლის თავზეც არ აქვს გეგმა, კრიტიკულ პერიოდში რას მოიმოქმედებს, რა საკვებს, რა სიხშირით მიაწვდის და ბავშვების საუკეთესო ინტერესებს როგორ დაიცავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები