რა ფუნქციებს შეასრულებენ მარნეულის საკრბეულოს გამრავლებული მოადგილეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე თანამდებობები გადანაწილდა. საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ამირან გიორგაძე იქნება. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით მას სამი მოადგილე ყავს.

რადიო „მარნეული“ საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ჩაწერას შეეცადა, რათა გაგვერკვია თუ რა ფუნქცია/მოვალეობები ექნებათ მათ. ჩვენს ზარებს ამირან გიორგაძემ არ უპასუხა. რადიო „მარნეულის“ ზარს და შეტყობინებას არ პასუხობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვიც. როვშან ისკანდაროვმა და რიჩარდ გიგანმა ჩვენს ზარებს უპასუხეს, მაგრამ კომენტარი მხოლოდ გიგანმა გააკეთა. ისკანდაროვმა ჩვენთან საუბარი 7 დეკემბერს გასვენებაში ყოფნის გამო ვერ მოახერხა, ხოლო დღეს, 8 დეკემბერს გვითხრა რომ შეხვედრაზეა და არ იცის როდის განთავისუფლდება.

„ხალხის მსახურება, ხალხის მსახურებაა ჩვენი ძირითადი ფუნქცია. დავლაგდებით, ახლა, ბოლომდე არ ვართ დალაგებული და ფუნქციები გადანაწილდება. ჩვენი ძირითადი ფუნქცია იქნება ხალხის მსახურება, ამომრჩეველთან ურთიერთობა და მოსახლეობას რაც დასჭირდება და რასაც შევძლებთ მათ გვერდში დგომა და გაკეთება“ - განაცხადა რიჩარდ გიგანმა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს განსაკუთრებული ფუნქციები არ ექნებათ. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ბერიძემ განაცხადა, თავმჯდომრის პირველი მოადგილის ფუნქცია საკრებულოს თავმჯდომრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულებაა.

„ამ წუთას რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ადრეც ეს ფუნქცია ჰქონდა, თავჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებდა მის უფლება/მოვალეობებს. ახლა, ვინაიდან შემოვიდა პირველი მოადგილის სტატუსი ასეთი განმარტება გვაქვს კანონში, რომ საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს პირველი მოადგილე, ხოლო თუ პირველი მოადგილეც არაა ამ პერიოდში უფლებამოსილებას დარჩენილი ორი მოადგილიდან ანხორციელებს უხუცესი მოადგილე“. - განაცხადა ნინო ბერიძემ

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის გაზრდასთან ერთად ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით გაიზარდა ფრაქციის თავმჯდომარების მოადგილეების რაოდენობაც. მარნეულის საკრბეულოში სულ ორი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეიქმნა.

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ მმართველი პარტიიდან 27 დეპუტატი გაერთიანდა. ფრაქციის თავმჯდომარე ბესიკ გელენიძე გახდა რომელსაც შვიდი მოადგილე ყავს.
რაც შეეხება „ენმ“-ს. ფრაქციაში სულ 5 დეპუტატი გაერთიანდა. თავმჯდომარედ ლაშა ქველაძე აირჩიეს, რომელსაც ერთი მოადგილე ჰყავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ გაუგებარია თუ როგორ გააუმჯობესებს და უფრო ეფექტურს გახდის საკრებულოს საქმიანობას თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდა.

„ეს პირველ რიგში გაზრდის საბიუჯეტო დანახარჯებს. თუ კი, კანონში ცვლილებამდე საკრებულოების 64 თავმჯდომარეს დაახლოებით 73 მოადგილე ჰყავდა ამ ცვლილებით მათი რაოდენობა მთლიანობაში გაიზრდება 195 თანამდებობის პირამდე. ვიცით, რომ საკრებულოს თანამდებობის პირთათვის გაიცემა შრომის ანაზღაურება, საწვავი, სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინების და სხვა ხარჯები და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 2022 წლიდან ისედაც იზრდება შრომის ანაზღაურება თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდა კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ადგილობრივ, მწირ, საბიუჯეტო რესურსებს. თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრაქტიკას, ძალიან მინიმალურია გარანტია იმისა, რომ ამ ახალი თანამდებობების შექმნა რაიმე ფორმით შეუწყობს ხელს საკრებულოს საქმიანობას, ან გააუმჯობესებს აღმასრულებელ ორგანოზე საკრებულოს მხრიდან კონტროლს“. - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობის კოორდინატორი არჩილ თოდუა

თოდუას განმარტებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამკაცრდა ფრაქციების შექმნის წესი, რომლის მიხედვითაც ფრაქციის შექმნის უფლება მხოლოდ ერთი პარტიიდან წარდგენილ დეპუტატებს შეუძლიათ, მაგრამ გაუგებრად თვლის თუ როგორ გააუმჯობესებს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა ფრაქციის საქმიანობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი მმართველი პარტიის აქტიური წევრებისათვის გარანტიის შექმნაა, რომ რაიმე ტიპის თანამდებობას და სახელმწიფოს სახსრებით დაფინანსებას მიიღებენ.

რადიო „მარნეული“

Print