2022 წელს მარნეულის მერია მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში 627 716 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2022 წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისათვის 627 716 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შ.პ.ს. „თაიმსერვისი“-სთან გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მიმართულების მიხედვით ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

„ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს მოსწავლეთა ჯანმრთელობის ზიანს, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არცერთ მოსწავლეს არ უწევდეს ფეხზე დგომა სატრანსპორტო საშუალებაში საჭირო ადგილების არ არსებობის გამო. მოსწავლეთა სკოლაში მიყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუადრეს 40 წუთისა, ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან - არაუგვიანეს 40 წუთისა“. - აღნიშნულია ხელშეკრულებაში

მარნეულის მერიასა და „თაიმსერვისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთა სკოლაში გადაყვანაც 2022 წელს უნდა განხორციელდეს, 2 713-ია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ განხორციელება გასულ წელს დაიწყო. საუბარია იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა მოსწავლის საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან დაშორებულია არანაკლებ 2 კმ-ით, ან მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, ან მოძრაობის გრაფიკი თავსებადი არ არის გაკვეთილების განრიგთან.

2022 წლის განმავლობაში მოსწავლეთა ტრანსპორირება სხვადასხვა სოფლებიდან მარნეულის 20 სკოლაში მოხდება. ეს სკოლებია:

შულავერის N1 საჯარო სკოლა
კასუმლოს საჯარო სკოლა
საიმერლოს საჯარო სკოლა
თამარისის N1 საჯარო სკოლა
აზიზქენდის საჯარო სკოლა
არაფლოს საჯარო სკოლა
აღმამედლოს საჯარო სკოლა
თაზაქენდის N1 საჯარო სკოლა
საბირქენდის N1 საჯარო სკოლა
სადახლოს N1 საჯარო სკოლა
სადახლოს N2 საჯარო სკოლა
თაზაქენდის N2 საჯარო სკოლა
შულავერის N2 საჯარო სკოლა
წერეთლის საჯარო სკოლა
ქირაჩმუღანლოს საჯარო სკოლა
მარადისის საჯარო სკოლა
ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლა
ქაფანახჩის საჯარო სკოლა
ქესალოს საჯარო სკოლა
ალგეთის N1 საჯარო სკოლა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები