ისრაელის საელჩომ მარნეულის, რუსთავის და გარდაბნის კოვიდ კლინიკებს 2 ტონა სამედიცინო ტვირთი გადასცა
25 იანვარს საქართველოში ისრაელის საელჩომ ქვემო ქართლის რეგიონს 2 ტონა მოცულობის სამედიცინო ტვირთი გადასცა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ დამფუძნებელმა ირმა დავაძემ განაცხადა, რომ სამედიცინო ტვირთი ამ ეტაპზე ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში, მარნეულში, რუსთავსა და გარდაბანში გადანაწილდება.

„სამედიცინო აღჭურვილობაში სხვადასხვა ტიპის ნივთები შედის. ესენია, ქირურგიული თუ სამშრიანი პირბადეები, ქირურგიული და წყალგაუმტარი სამედიცინო ხალათები, ფარები. არის ჟანგბადის ორი ერთეული აპარატი, რომეთაგან ერთს რუსთავს გადავცემთ, ხოლო მეორეს მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. ამავე დროს, არის დიდი მარაგი 1 მლ ლიტრიანი და 5 მლ ლიტრიანი ერთჯერადი ნემსები და სხვა აღჭურვილობა“. - განაცხადა ირმა დავაძემ

საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა სამედიცინო ტვირთი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო ადმინისტრაციას თავად გადასცა.

სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა ისრაელის ელჩს და ორგანიზაცია ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ წარმომადგენლებს რეგიონში განხორციელებული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

,,დღეს, სამხარეო ადმინისტრაციაში ვუმასპინძლეთ ისრაელის ელჩს საქართველოში, რომელმაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტისთვის სამედიცინო ინვენტარი, მათ შორის სასუნთქი აპარატები გადმოგვცა. ეს არ არის პირველი აქტივობა, რომელსაც ისრაელის მხარე ჩვენი რეგიონის მხარდაჭერისა და დახმარების მიზნით ახორციელებს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ - ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობით ქვემო ქართლში ძალიან ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება.“ - გიორგი დოხტურიშვილის განცხადებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს

„შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ მიერ ისრაელის საელჩოს დახმარებით მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე პროექტი განხორციელდა. კლუბმა 2021 წლის ივნისში მარნეულის რამდენიმე სკოლას და რესურსცენტრს პლანშეტები გადასცა, ხოლო ორ სკოლაში სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარი დაამონტაჟა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები