2021 წელს სამხედრო სამსახურში გაწვევა მღვდელთმსახურების გამო 305 მარნეულელს გადაუვადდა
2021 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სამხედრო გამწვევმა
კომისიამ 1 968 ახალწვეული გამოიძახა.
რადიო „მარნეულის“ მიერ მარნეულის მერიის სამხედრო აღრიცხვის,
გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის
მიხედვით, 2021 წელს გამოძახებული პირებიდან კომისიაში 1 849
გამოცხადდა. სამხედრო სამსახურს მათგან 227 პირი შეუდგა, დარჩენილი 1
622 პირი კი სამხედრო სამსახურიდან გაანთავისუფლეს ან გაწვევა
გადაუვადეს.
2021 წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურიდან სულ 23 პირი იქნა
განთავისუფლებული. სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახბ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო სამსახურში
გაწვევისაგან თავისუფლდებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო
სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირები, პირი, რომელმაც სამხედრო
სამსახური სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა, მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, პირი,
რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური და
ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის
გავლისას.
გასულ წელს სამხედრო სამსახურში გაწვევა 1 582 მარნეულელ წვევამდელს
გადაუვადდა.
გადავადების ყველაზე მეტი 672 შემთხვევა წვევამდელის სტუდენტობის გამო
მოხდა.
მღვდელთმსახურების გამო 2021 წელს გაწვევა გადაუვადეს 305
მარნეულელს.
სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისად იქნა ცნობილი 183
წვევამდელი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთი წლით გადაუვადდა გაწვევა 83
პირს.
97 წვევამდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 20 წლამდე მოსწავლე
იყო.
65 წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი შვილის ყოლის გამო,
ბავშვის დაბადებიდან სამი წლის მანძილზე გადაუვადდა.
54 წვევამდელმა გადაიხადა გადავადების მოსაკრებელი, რომელიც 2 000
ლარს შეადგენს.
დედისერთობის გამო 31 წვევამდელს გადაუვადეს სამხედრო სამსახურში
გაწვევა.
ორი ან ორზე მეტი შვილის ყოლის გამო გაწვევა გადაუვადდა 25
მარნეულელს.
პროფესიული სტუდენტობის გამო გაწვევა გადაუვადდა 10 პირს.
სოფელში მასწავლებლად ან ექიმად მუშაობის გამო გაწვევა გადაუვადდა ერთ
მარნეულელს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში მარნეულის სამხედრო
აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურმა სასამართლოს 111
წვევამდელის მასალები გადასცა, რომელთაგან 31 დაჯარიმდა.
ახალწვეულების გაწვევა ყოველწლიურად ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომით
ხდება.