სამ სოფელში რკინა/ბეტონის შიდა გზების დასაგებად მარნეულის მერია 1 147 237 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში რკინა/ბეტონის საფარის შიდა გზები მოეწყობა. მანრეულის მერიამ სოფლებში გზების მოწყობისათვის 1 147 237 ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა.

პირველი ტენდერის მიხედვით, რკინა/ბეტონის საფარის გზა სოფელ წერაქვისა და სიონის შიდა გზებზე დაიგება, რისთვისაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 437 700 ლარი გამოყო. სიონსა და წერაქვში რკინა/ბეტონის საფარის გზის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფლებში სულ 6 მონაკვეთზე დაიგება შიდა გზა.

„ობიექტზე გვხვდება გრუნტის გზა, რომელიც დაზიანებულია, გვხვდება ორმოები, რომლებიც წვიმის დროს წყლით ივსება, დარღვეულია გრძივი და განივი პროფილები. წვიმიან ამინდში გზაზე გადაადგილება დისკომფორტს უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეს, ისე სატრანსპორტო საშუალებით მოძრავ მძღოლს“. - აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტაციაში

მერიის მიერ გამოცხადებული მეორე ტენდერის მიხედვით, შიდა გზების დაგება იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოშიც, რისთვისაც მერიამ 709 537 ლარი გამოყო.

„სოფელი კასუმლო ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანლებითაა დასახლებული, სოფელში განვითარებულია მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია ორი მონაკვეთის დაპროექტება, რომლებიც პირობითად ავღნიშნეთ გზა-1-ით და გზა-2-ით. გზა-1 იწყება სოფლის ცენტრიდან და მიდის დასავლეთით ახალ აშენებული სკოლისკენ, გზის სიგრძე შეადგენს 330 გრძ/მ-ს. გზა-2 იწყება ასევე სოფლის ცენტრიდან და მიდის სამხრეთაღმოსავლეთისკენ გზის სიგრძე შეადგენს 450 გრძ/მ-ს. საპროექტო გზები წარმოადგენს შიდა სასოფლო გზებს საერთო სიგრძით 780 მეტრი, აღნიშნული გზები ორივე მხრიდან მჭიდროდაა დასახლებული, საცხოვრებელი სახლები და ღობეები უშუალოდ ბმაშია საპროექტო გზასთან, შესაბამისად საპროექტო გზის გეომეტრიაში დიდი ცვლილებები ვერ განხორციელდება, ვინაიდან პროექტი არ მოიცავს განსახლებას“. - აღნიშნულია კასუმლოში რკინა/ბეტონის საფარის გზის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში რკინა/ბეტონის საფარის გზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი 13 აპრილს გამოაცხადა. ტენდერებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 30 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები