წერეთლის სარწყავი არხის რეაბილიტაციის კიდევ ერთი მცდელობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ წერეთელში სარწყავი არხის რეაბილიტაციისათვის კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში არსებული სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის 908 983 ლარიანი ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 28 თებერვალსაც გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არცერთს პრეტენდენტს არ მიუღია და ტენდერი ჩაიშალა. ახალ ტენდერში მონაწილეობის ვადები კი მერიამ 16-19 აპრილის პერიოდით განსაზღვრა.

აღნიშნული პროეექტის განხორციელებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გასულ წელსაც გეგმავდა, თუმცა ტენდერი მონაწილე პრეტენდენტების საჩივრების ფონზე, დროში გაიწელა. როგორც მერიის საფინანსო-სბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა თქვა, თანხა 2021 წლის ბიუჯეტის ნაშთიდან გაითვალისწინეს.

პროექტის ფარგლებში სოფელ წერეთლის სარწყავ არხზე იგეგმება საპროექტო არხის განთვისების ზოლში არსებული ხეების და ბუჩქნარის მოჭრა, გასუფთავება, არსებული ბეტონის ფუნდამენტების დემონტაჟი, რკინაბეტონით წყალჩამკეტი ფარების ნაგებობის ძირისა და კედლების მოწყობა და სხვა.

იმ შემთხვევაში თუ ტენდერი მეორე ცდაზე შედგა, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მუნიციპალიტეტს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში მიაწოდოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები