მარნეულის სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 5 მოსწავლე ჩაირიცხა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინიდან ჩამოსული 5 მოსწავლე ჩაირიცხა. როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ირამა დავაძე ამბობს, ორი მოსწავლე გადანაწილდა ქალაქ მარნეულის მეექვსე სკოლაში, ორი მოსწავლე მიიღო შულავერის საჯარო სკოლამ, ხოლო ერთი მოსწავლე ჰყავს ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლას. მისივე თქმით, კიდევ ჰყავს მუნიციპალიტეტს მარნეულის სკოლებში სწავლის გაგრძელების მსურველი უკრაინელები, რომლთა მიღების საკითხს ქუთლიარის და ქალაქ მარნეულის N4 საჯარო სკოლა განიხილავს.

„ზოგადად, როდესაც ჩვეულებრივ გადმოდის სხვა ქვეყნის მოქალაქე, განათლების აღიარებაში მიდიან ხოლმე, რომელიც ქალაქ თბილისში მდებარეობს. ეს არის განათლების სამინისტროს სიპი, რათა იქიდან მოტანილი საბუთების მიხედვით, აღიარებული იქნას რამდენად არის მათი საგნები ჩვენთან შესაბამისობაში. ძირითად შემთხვევავაში, არის განსხვავება ქართული ენა, ვინაიდან იქ არ ისწავლება ქართული ენა და აბარებენ ხოლმე ქართულს, როგორც მეორე ენას და ისე იღებენ სკოლები. ზოგადად, ასე ხდება ხოლმე, თუმცა ახლა გამარტივებული იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას"


საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე, სულ უკრაინიდან ჩამოსული 590 მოსწავლე ჩაირიცხა. ქვემო ქართლის მასშტაბით, ასეთი 31 მოსწავლეა.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

სამინისტროს ცნობით, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით, ომის დაწყებამდე.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში ომის 51-ე დღეა.

გარეკანის ფოტო: ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია