რამდენად გააუმჯობესებს დამატებითი 50 ლარი სოცდაუცველი ბავშვების ცხოვრებას - 150 ლარამდე გაზრდილ დახმარებას 4 172 მარნეულელი მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება. დღეს, 18 აპრილს, პრემიერმა განაცხადა, რომ გაზრდილ სოციალურ დახმარებას 215 000 მეტი ბავშვი მიიღებს.

„ერთი წლის წინ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, ანუ თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს“. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

პრემიერის განმარტებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარების გაზრდის მიმართულებით მთლიანობაში 341 მილიონი ლარი იქნება ჯამური ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელსაც გაიზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საარსებო შემწეობას 16 წელს მიუღწეველი 4 172 ბავშვი იღებს. ხათუნა გაჩეჩილაძე მარნეულის მუნიციპალიტეიტის სოფელ საიმერლოში ცხოვრობს. მისი ორი მცირეწლოვანი შვილი სოციალურ დახმარებას იღებს, ჯამში ოჯახი სოციალური დახმარების სახით თვეში 400 ლარს იღებს, რაც ხათუნას თქმით თვიდან-თვემდე ბავშვების მოვლისა და გამოკვებისათვის საკმარისის არაა.

„ჩემთვის ერთ ბავშვზე სოციალუირი დახმარების 50 ლარით გაზრდა ნამდვილად არაა საკმარისი. მე სამუშაო არ მაქვს და ეს 400 ლარიც ბავშვებისთვის არ მყოფნის, მარტო გადასახადებში არ მყოფნის ეს თანხა. ჩემთვის ნამდვილად არაა ეს საკმარისი, რადგან ჩემი მეუღლეც არ მუშაობს, ინვალიდია და ფიზიკურად არ გვყოფნის ეს თანხა, ეს 50 ლარიც მე არაფერს არ მიშველის. ფასები ყველაფერზე გაიზარდა, პროდუქტებს ვერ ვყიდულობ და ბავშვებსაც კვება არ ჰყოფნით რადგან თანხა მე არ მყოფნის“. - ამბობს ხათუნა გაჩეჩილაძე

ხათუნას განმარტებით, თვიდან-თვემდე თავის გატანისათვის მის ოთხსულიან ოჯახს მინიმუმ 600-700 ლარი სჭირდება, პრემიერის გადაწყვეტილებით ბავშვებისათვის გაზრდილი სოციალური დახმარების შემდეგ კი მისი ოჯახი თვეში მაქსიმუმ 500 ლარს მიიღებს, რაც მათთვის კვლავ არასაკმარისი იქნება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები