ლაშა ქველაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარე, ლაშა ქველაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვს. ქველაძის თქმით, მას 18 აპრილს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ,  ამირან გიორგაძემ ბოლომდე არ მოუსმინა და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. "ენმ"ს-წევრი აცხადებს, რომ მას კითხვები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობის 2019-2020 წლების აუდიტის დასკვნასთან და სადისკუსიოდ ამირან გიორგაძეს იწვევს.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან სამწუხარო ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ საკრებულოს თავმჯდომარე სხდომიდან გაიქცა, იმიტომ რომ მას არ შეეძლო პასუხი გაეცა იმ კითხვებზე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა. კითხვები გვქონდა  სახელმწიფო აუდიტის კვლევასთან დაკავშირებული. მაგალითად, აუდიტმა დაადგინა, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 ავტომობილი იპარავს საწვავს. ავზის მოცულობა არის 80 ლიტრა და ასხამენ 100 და 120 ლიტრას. ამასთან დაკავშირებით მინდოდა კითხვები დამესვა საკრებულოს თავმჯდომარესთან. ასევე აუდიტის დასკვნაში წერია, რომ შპს „სოფწყალი“ ამარაგებს 14 საბავშვო ბაღს სასმელი წყლით. აქედან 7 ბაღში მიწოდებული წყალი არის უვარგისი. ასევე ქონების მართვის საკითხებში არის პრობლემა და ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობას და ამით ნახევარი მილიონის ზარალი განიცადა მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში და მთავარი ის არის, რომ 2019-2020 წლების აუდიტი მსგავსია 2017-2018 აუდიტთან. ანუ, მერიამ და საკრებულომ ვერ გააუმჯობესა და ვერ აღმოფხვრა პრობლემები. ჩემთვის საინტერესოა შიდა აუდიტის სამსახური რას აკეთებს“

18 აპრილის საკრებულოს სხდომაზე ლაშა ქველაძემ რამდენიმე შეკითხვის  დასმა მოახერხა. მათ შორის საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში წყალარინების შეჩერებულ პროექტს და  სამშენებლო ნებართვებს. კამათი მოჰყვა სამშენებლო ნებართვაზე დასმულ კითხვას. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ქველაძისგან კონკრეტული შემთხვევის დასახელებას მოითხოვდნენ.   ამირან გიორგაძემ „ენმ“-ს წევრს ოფიციალური წერილის დაწერა შესთავაზა და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.


„თქვენ თუ გაინტერესებთ პასუხი, ოფიციალურად მიმართეთ მერიას და მიიღებთ პასუხს. ახლა ასე, მე მაგაზე ვერ გაგცემთ პასუხს. ამომწურავი პასუხი უნდა გაგცეთ მერიამ, ნებართვები არ არის შეჩერებული. არის განცხადებები შემოსული განცხადებები მშენებლობაზე, რომლებიც არ ჯდება (კრიტერიუმებში) ზოგს ტერიტორია არ ჰყოფნის, ზოგი არის ისეთი, რომ საბუთები არ აქვთ წესრიგში. კონკრეტულად გვითხარი რომელ კორპუსზეა საუბარი შენ საუბრობ ზოგადად. სხდომა დამთავრებულია, დიდი მადლობა. მოგვმართეთ წერილობით“
- თქვა ამირან გიორგაძემ  და დატოვა დარბაზი.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს. მათ შორის სოფლებში ქუჩების სახელდების და მასწავლებლებისათვის მგზავრობის საფასურის საკითხი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები