მხატვრული ტექსტების კონკურსში „დაწერე რამე“ მარნეულელმა მოსწავლემ გაიმარჯვა
მარნეულელი აიშა ოჯახვერდიევა ერთ-ერთია იმ მოსწავლეებს შორის, რომელმაც მხატვრული ტექსტების კონკურსში „დაწერე რამე“ გაიმარჯვა. ალგეთის  საჯარო სკოლის მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გაძლიერების, კითხვისა და წერის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით, USAID საბაზისო განათლების პროგრამამ, გამომცემლობა სიესტას მხარდაჭერით, აპლიკაციის "დაწერე რამე" გამოყენებით შექმნილი მხატვრული ტექსტების კონკურსი ჩაატარა.  პირველ ეტაპზე კონკურსის ჟიურიმ 13 საუკეთესო ტექსტი გამოავლინა, საიდანაც საბოლოოდ 5 გამარჯვებული დასახელდა. გამარჯვებული ტექსტებიდან 4 ქართულ, ხოლო 1 - აზერბაიჯანულ ენაზეა დაწერილი. მეექვსე კლასელი აიშა გვიყვება, რომ კონკურსში მონაწილეობა მასწავლებლის რჩევით მიიღო, ახლა საკუთარი გამოცდილების მაგალითზე მსგავს საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობას სხვებსაც ურჩევს.


„ჩემმა მასწავლებელმა, ნინომ გამომიგზავნა კონკურსის ლინკი. მირჩია,  რომ მონაწილეობა მიმეღო. ზოგადად, წერა ძალიან მიყვარს და ვიფიქრე, რომ გამარჯვების შანსი მქონდა. სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა გამარჯვების,  თუმცა ძალიან გამიხარდა. მეგობრებსაც ვურჩევ, რომ მიიღონ მონაწილეობა. მე ბავშვობიდან მიყვარს წერა და ზოგიერთი  მწერლის სურათიც დავხატე. ნიზამი გენჯევი მიყვარს და წიგნებსაც ვკითხულობ.” - ამბობს აიშა ოჯახვერდიევა.

მარნეულელი პედაგოგი, ქართული ენის მასწავლებელი და  საბაზისო განათლების პროგრამის კონსულტანტი, გიორგი ჭაუჭიძე საგანმანათლებლო კონკურსებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ფიქრობს, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წახალისების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ საბაზისო განათლების პროგრამის კონკურსი, რომელიც აფასებდა მოსწავლეებს წერაში,  მე ვფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციის შეფასება და წახალისება. არის ასეთი ონლაინ პროგრამა „დაწერე რამე“ რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია კომპიუტერსა და ტელეფონებშიც.  ამის საშუალებით ხდება გარკვეული ჩარჩოს მიხედვით სხვადასხვა მხატვრული ტექსტის შექმნა მოსწავლეების მიერ. ზოგადად, წერის უნარი, ამბების მოფიქრება, მისი გაფორმება მხატვრულად გადმოცემა, მოსწავლეებში არის ერთ-ერთი ისეთი კომპეტენცია, რომელზეც მუშაობენ, მშობლიური თუ არამშობლიური ენის მასწავლებლები და ამ მოსწავლეებსაც მიეცათ საშუალება ამ კონკურსში წარმოეჩინათ თავიანთი ნამუშევრები“ - ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

• ნატალი ბერუაშვილი, მე-5 კლასი, გორის N7 საჯარო სკოლა - „გვირილის ამბავი"
• გიორგი რაზმაძე, მე-5 კლასი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლა - „ჭორიკანა ჭიაყელას ამბავი"
• ნია მაცხონაშვილი, მე-4 კლასი, თბილისის N182 საჯარო სკოლა - „მოცეკვავე ფეხსაცმელი"
• მარიამ სანიკიანი, მე-6 კლასი, ქუთაისის N23 საჯარო სკოლა - „მხატვარი ალბერტო"
• აიშა ოჯახვერდიევა, მე-6 კლასი,
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საჯარო სკოლა - „დათვის ბელი"

აპლიკაციის ჩამოტვირტვა ანდროიდის სისტემის მობილურებისთვის



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები