60 ლარი აფთიაქამდე და პურისთვის - მერიის გაფუჭებული ავტობუსი ოფრეთელებს ძვირი უჯდება
მესამე კვირაა ოფრეთში მცხოვრები მაია ჩაჩავა ზეთს, შაქარს, ფქვილს, პურს და ჰიგიენურ საშუალებებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო ვერ ყიდულობს. სოფლის ერთადერთი ავტობუსი გაფუჭდა და ადგილობრივები სახლში გამოიკეტნენ. 

საზღვრისპირა სოფელს ქალაქ მარნეულთან 55 კილომეტრი აშორებს.

აქ მცხოვრები ორმოცდაათამდე ადამიანისათვის კვირის სამი დღე მარნეულამდე ჩასვლის ერთადერთი შესაძლებლობა იყო. სამშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას ავტობუსი ივსებოდა, მოსახლეობა სადახლოს ცენტრში ან მარნეულში საკვებს იმარაგებდა, ექიმთან მიდიოდა, ბანკში ან სხვა საქმეზე გარბოდა, რომ იგივე მარშრუტით უკან დაბრუნებულიყვნენ. ახლა კი ქალაში ჩამოსვლის ერთადერთი საშუალება კერძო ტრანსპორტი ან ტაქსია.


„რა გვაკეთო, პროდუქტი ამოსატანი მაქვს, ტაქსის ფული არ გვაქვს. პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზე ვარ დამოკიდებული. ტაქსს 60 ლარი სჭირდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი მყავს და პამპერსი (საფენი) არ მაქვს, არც საშუალება მაქვს რომ ჩავიდე. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ჩემი ქმარი დილით ექვს საათზე ფეხით წავიდეს, თუ გაუმართლა და გზაში ვინმე შეხვდა, ხო კარგი. აქ არაფერია - არც მაღაზია, არც საავადმყოფო, ელემენტარული აფთიაქი არაა. ახლა ბოლო ფქვილი მოზილე, რომ პური გამოვაცხო“



მაიას მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ სხვა თანასოფლელებიც. მოსახლება ამბობს, რომ უტრანსპორტობამ ყოფითი პრობლემები გაურთულათ. ზოგჯერ მათთან პროდუქტების მანქანა ადის. ყველაფერს ორმაგი ფასები აქვს და ხშირად ვერ ყიდულობენ.



„ყველაფერს მოწყვეტილები ვართ. ერთადერთი ტრანსპორტი იყო, რომელიც ქალაქს გავაკავშირებდა და პროდუქტებზე ჩავდიოდით. ელემენტარული პური უნდა ხალხს, მოხუცები არაინ, მარტოხელები ცხოვრობენ. ძალიან გვიჭირსტრანსპორტის მხრივ. გზას აღარ ვამბობ, აკეთებენ. ტრანსპორტი ისედაც ერთი იყო, მოსწრებაზე ვიყავით. სამ საათზე გამოდიოდა მარნეულიდან და უნდა მოგვესწრო ყველაფერი. რომ უნდათ რომ ხალხი დასახლდეს სოფელში, რაღაც ელემენტარული პირობები უნდა შექმნან“
- ამბობს ოფრეთში მცხოვრები მაია მიქიაშვილი



ოფრეთის მსგავსად, მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის მზობელ სოფლებში, ჩანახჩსა და ახკერპშიც. მოსახლეობისთვის არც ალტერნატივა და არც დამაიმედებელი პასუხი აქვს მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს გიგა ჯალაღონიას. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ სოფელ ოფრეთს, ჩანახჩსა და ახკერპს რთული რელიეფი აქვს, რის გამოც ყველა ტრანსპორტს ვერ უშვებენ. აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ერთადერთი ავტობუსის შეკეთებას კი დეფიციტში მყოფი ნაწილების გამო ვერ ახერხებენ.

გარდა ამ პრობლემისა, მოსახლეობა ამბობს, რომ ავად გახდომის ეშინიათ. ამის მიზეზი ბევრია. სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში გზა იმდენად ამორტიზებულია, რომ სოფლამდე ძალიან გვიან აღწევს, ხშირ შემთხვევაში, კი არ მიდის. ოფრეთს ამბულატორია აქვს, ოჯახის ექიმიც ჰყავთ, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, ექიმი დიდი ხანია იქ არავის უნახავს და ამბულატორის კარიც იშვიათად იღება.

Print