გაფუჭებული გზა წყლის ნაცვლად - რა დაგვიტოვა მილიონობით ლარის პროექტმა მარნეულში
ოთხი წლის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის 35 200-მდე მაცხოვრებელს, სასმელი წყლის 24 საათის განმავლობაში მიწოდებას დაჰპირდნენ. ყველაფერი 2018 წლის 22 ნოემბერს დაიწყო. მაშინ, როდესაც ცენტრალური და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კულტურის ცენტრის დარბაზში  შეიკრიბნენ და იქ მყოფ ათობით ადამიანს სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით  და კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით სარგებლობის პირობა მისცეს.

პროექტის გაცნობა - 2018წ.

პროექტის განხორციელება ქალაქ მარნეულსა და სოფლებში 2019 წელს დაიწყო. გადაითხარა გზები, აიყარა  მილები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული გზების გამო გაფუჭდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილობრივების ავტომობილები.



ამ ყველაფრის „მოთმენა“ წესით მოსახლეობას 2021 წლის მარტამდე მოუწევდა. ეს პერიოდი პროექტის დასრულების თარიღად იყო დაანონსებული, თუმცა სიტუაცია არც 2022 წელს შეცვლილა და  ერთადერთი რაც დღემდე შემოგვრჩა გაფუჭებული გზებია. გავლა თითქმის შეუძლებელი ქალაქ მარნეულში ჟორდანიას, კარკარაშვილის, რასუზადეს, სამედ ვურღუნის ქუჩებსა და იაღლუჯის დასახლებაში.



თავდაპირველად სამუშაოებს განხორციელების ვალდებულება აზერბაიჯანულმა კომპანიამ ,,Akelik Group”- მა აიღო. პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს,  მილიონობით ლარის ბიუჯეტმა მუშახელი  ხელფასებით ვერ უზრუნველყო და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა.  რადიო „მარნეულს“ არაერთხელ გაუშუქებია წყალარინების სისტემების მშენებლობაზე მომუშავეები, რომლებიც კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით მერიასთან პერმანენტულ აქციებს მართავდნენ.



,,Akelik Group”- ი სამუშაოებს ჩაოაშორეს. მუშაობა მისმა შვილობილმა კომპანიამ „ტერა გრუპმა“ გააგრძელა, თუმცა დასაქმებულებს  თანხა არც მათ გადაუხადეს.  ამ ეტაპზე წყალარინების  პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტში შეჩერებულია. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სამუშაოების დასრულების კიდევ ერთი მცდელობა აქვს.  ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი, სადაც მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 2022 წლის 30 მაისამდე შეეძლებათ. კომპანიაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალებს თვის ბოლოს მოგვაწოდებენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები