რზაევების ოჯახის მარწყვის პირველი მოსავალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში ადგილობრივები მარწყვის პირველ მოსავალს იღებენ. რზაევების ოჯახმა მარწყვის მოყვანა წლებია შემოსავლის წყაროდ აქცია. ხილის დაკრეფაში მონაწილეობას მთელი ოჯახი იღებს.



საქინა რზაევა გვიყვება, რომ გასულ წელთან შედარებით მოსავალი მცირეა. ოჯახს ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი მოჰყავთ და სოფელში გადამყიდველებზე ან ქალაქგარეთ ჰყიდიან. 1 კილოგრამი  მარწყვის ღირებულება 3.50 ლარია

„მოსავლის აღების პროცესში მთელი ოჯახი ვერთვებით. დედა, მამა, ხანდახან დაიკოც მეხმარება. ბაბუა და ბებიაც თავის ბაღში მუშაობენ. მამაჩემი ძირითადად ყიდის. ჩვენ ვკრეფთ და ისინი ყიდიან ბათუმში, თბილისში. იქ, სადაც კარგად გაიყიდება. ამ წელს მოსავალი კარგი არაა, წინა წელს უფრო კარგი იყო“
საქინა რზაევა - მარწყვის პირველი მოსავალი ახლოლალოში

ოჯახის უხუცესი წევრი, ალიაშირაფ რზაევი  შიშობს, რომ წელს მოყვანილი მარწყვით ბანკიდან აღებულ კრედიტებს ვერ დაფარავს.  ამბობს, რომ გასულ წლებში მოსავალი გაცილებით მეტი ჰქონდათ და შემოსავალსაც არ უჩიოდნენ. ალიაშირაფ რზაევის თქმით, მათი პრობელამა წყლის დეფიციტია, რის გამოც პროდუქტის მორწყვას ხშირად ვერ ახერხებენ. 



"დაახლოებით 20 წელია რაც მარწყვი მოგვყავს, მარწყვი, კარტოფილი.  კარტოფილი როგორც კი ამოდის ვიღებთ და ვყიდით. კრედიტების პროცენტების გადახდა გამიჭირდება წელს. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ოჯახში არავინ მუშაობს - არც ჩემი მეუღლე, არც რძალი. მოსავალი წელს ძალიან ცუდია. 1-2 ათასის აღებას თუ მოვახერხებთ, ისიც არ ვიცი. ვერ მოგატყუებთ, ძალიან ცუდი მოსავალი გვაქვს წელს. ადრე უფრო მეტი მოსავალიც იყო და შემოსავალიც უკეთესი. ერთი პატარა პრობლემა გვაქვს. წყალი არ არის. სახლში სათბური მაქვს და ვერ ვრწყავ -  წყალი არ გვაქვს. აი, ერთი თვეა წყალი არ მოდის. რომ მივმართავ მეუბნებიან, მილებია გაფუჭებული, ან კიდე სხვა რამეა გაფუჭებული.“



მარწყვის ფასები  მერყევია. მაგალითად, 1 კილოგრამის ღირებულება 18 მაისს 4.50 ლარი იყო, ხოლო 19 მასს, 3.50 ლარი ღირს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია