მარნეულის სკოლებში 2 259 თავისუფალი ადგილია - პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლას 2022-2023 სასწავლო წლისათვის 2 849 პირველკლასელის მიღება შეუძლია. ეს არის ლიმიტირებული რაოდენობა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინდივიდუალურად გამოაცხადეს. პირველკლასელთა მიღების ორი ეტაპი უკვე დასრულდა. მარნეულის მასშტაბით რეგისტრაცია 590-მა მოსწავლემ გაიარა. 24 მაისიდან იწყება მესამე, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპი, სადაც წესით ყველაზე მეტი მოსწავლე რეგისტრირდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. -ზე. რადიო „მარნეულმა“ ამ ეტაპზე არსებული ვაკანტური ადგილები დაითვალა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სკოლებში 2 259 თავისუფალი ადგილია. 

არის რამდენიმე სკოლა, სადაც ადგილების რაოდენობა თითქმის შევსებულია. მაგალითად, ქალაქ მარნეულის N2 სკოლის ქართულენოვანი სექტორის პირველ ცვლაში მხოლოდ 5 ადგილია თავისუფალი. ამავე სექტორის მესამე ცვლაში კი 25 ვაკანტური ადგილია. რაც შეეხება ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რუსულენოვან სექტორს, სადაც სკოლას 25 პირველკლასელის მიღება შეეძლო, ადგილები სრულად შევსებულია. ქალაქ მარნეულის N6 სკოლაში კი ქართულ სექტორზე 100 ადგილიდან თავისუფალი მხოლოდ 6-ია. 14 ადგილია დარჩენილი ამავე სკოლის რუსულენოვან სექტორზე. თითქმის შევსებულია ქალაქ მარნეულის N5 სკოლის ლიმიტიც. საგანმანათლებლო დაწესებულებას 100 მოსწავლის მიღების შესაძლებლობა აქვს, თავისუფალი ადგილი კი მესამე ეტაპის რეგისტრაციისთვის მხოლოდ 43-ია. სოფელ საიმერლოს სკოლას წელს მაქსიმუმ 50 პირველკლასელის მიღება შეუძლია. დარჩენილი ადგილის რაოდენობა კი 26-ია.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტიაცია კიდევ ერთ, მეოთხე ეტაპსაც მოიცავს.

IV ეტაპი – 04 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

▪ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

▪ მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე (30 სექტემბრის ჩათვლით) უსრულდებათ.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია