მარნეულის თვითმმართველობის ანგარიშვალდებულება და მოსახლეობის ჩართულობა 2021 წელს არ გაუმჯობესებულა
ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში მოსახლეობის თანამონაწილეობა დემოკრატიული და ინკლუზიური მმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მოსახლეობას, რომელმაც ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება აირჩია უფლება აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს მის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართოს.

ინფრასტრუქტურული პროექტები, სამედიცინო და სოციალურ დახმარება, ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობა - ეს იმ მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, სადაც მოქალაქეს მერიასთან კომუნიკაციისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება აქვს.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თუ რამდენად აქვთ მარნეულელებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაცია. ჩვენს მიერ გამოკითხული მარნეულელების უმეტესობა აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმარტველობასთან კომუნიკაცია მხოლოდ სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით ჰქონდათ.

„მე წელს, 2022 წელს, მერიას ორჯერ მივმართე. ერთხელ მხედველობისთვის წამლები მჭირდებოდა და მაგაზე მივმართე. მედიკამენტების თანხა დამიფინანსეს. მეორე განცხადება კი შეშის გამო შევიტანე. მდინარე ალგეთის სანაპიროზე არის გამხმარი ხეები და განცხადება დავწერე, რომ ნებართვა მომცენ ეს ხეები ამოვიღო. ახლა პასუხს ველოდები. მე რამდენჯერაც მივმართე მერიას არც ერთხელ არ შემხვედრია პრობლემა“. - აცხადებს აზად უმუდოვი

„მერიას მივმართე უბნის გზების გამო. მოსახლეობის ერთადერთი თხოვნაა, რომ უბნებში გზებს მიხედონ. გათხარეს ყველაფერი და არ გააკეთეს. ხალხი მაღაზიაში ვერ მიდის, წყალს და პურს ვერ ყიდულობენ. გზები ცუდ დღეშია. ხალხის თხოვნაა უბნის გზები გააკეთონ. პრობლემა არ შემხვედრია, პირიქით დამეხმარნენ, უბრალოდ გვინდა რომ მხედველობაში ჰქონდეთ ჩვენი ეს პრობლემა“. - ამბობს ჩინგიზ ზეინალოვი

„ისეთი პრობლემა არ გვქონია, რომ მერიისთვის მიგვემართა. თუ რამე პრობლემა მექნება შემიძლია მივმართო“. - თქვა ფატმა ჰუმბატოვამ

„არასდროს მიმმართია მერიისათვის, იმიტომ, რომ მათგან არაფერი დამჭივებია. შეიძლება ამის მერე დამჭირდეს, არ ვიცი“. - ამბობს კიფაიატ ხალილოვა

„მივმართავთ ხოლმე როცა მაგალითად გვჭირდება ხოლმე რამე. ოპერაციის გაკეთების დროს მიგვიმართავს და ყოველთვის გვეხმარება ხოლმე მერია და კმაყოფილი ვართ მერიის. განცხადება შეგვაქვს ხოლმე და განცხადებით ვახერხებთ მათთან კომუნიკაციას. ძალიან ხშირად არ მივმართავთ, მე მაგალითად ხშირად არ დამჭირვებია. ერთხელ დამჭირდა მარტო, თიაქარის ოპერაცია გავიკეთე, მეტი არა. ჩემ ახლობლებს უფრო ჭირდებათ ხოლმე, მაგალითად ჩემმა დამ გაიკეთე თვალებზე ოპერაცია, მიმართა მერიას, დააკმაყოფილეს და გაიკეთა ოპერაცია". - გულიაზ მამედოვა

"ძალიან დაგვჭირვებია და ძალიან კმაყოფილები ვართ, გვეხმარებიან ყველანაირად, ოპერაციებისთვის, წამლებისთვის. ძირითადად სამედიცინო კუთხით მივმართავ ხოლმე, სხვა არაფერზე. ძალიან გაჭირვებული ვიყავი და დამეხმარნენ, ერთი ორი წლის წინ იყო. განცხადება მივიტანეთ რომ ავადმყოფი გვყავს და ოპერაცია ჭირდება, ვუთხარით რომ ჩვენ არ გვქონდა ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა და შეღავათი გაგვიწიეს". - მანანა ალიევა

„ბოლო დროს წერილობით არა, მაგრამ ზეპირად მივმართე. ჩვენი სკოლის შესახებ მერის მეორე მოადგილე ვნახე და ვესაუბრე. სხვებიც მინდოდა მენახა მაგრამ სხვა სოფლებში იყვნენ გასულები“. - ილკიმ ქარაიევი

„ბოლოს 3 წლის წინ მივმართე. პრობლემა დედასთან დაკავშირებით იყო. ოპერაციას იკეთებდა და დამეხმარნენ. სხვა რამეში არ დამჭირვებია, თუ დამჭირდა მივმართავ“. - ფაიგ მამედოვი

„გარკვეული პრობლემები იყო რომლეიც მოგვარების პირასაა. სამედიცინო და სხვა სეროეფბშიც ხდება ხოლმე პრობლემა და მივმართავთ“. - ნიზამი აშიროვი

2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასების მიხედვით, რომელიც მუნიციპალიტეტების საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, ელექტრონულ მმართველობას და მოქალაქეთა მონაწილეობასა და ანგარიშვალდებულებას მოიცავს, ერთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, ბოლნისში, დმანისში, მარნეულისა და გარდაბანში ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის ჯამური საშუალო მაჩვენებელი 21%-ს შეადგენს, რაც 8%-ით ჩამორჩება დანარჩენი მუნიციპალიტეტების, 57 მუნიციპალიტეტის, საშუალო მაჩვენებელს, რომელმიც 29%-ს შეადგენს. ხოლო გაუმჯობესების მაჩვენებელი 2017 წლის შეფასებიდან ანგარიშის გამოქვეყნებამდე, დაახლოებით 4-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი 22%-ს შეადგენს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია