უკანონო მშენებლობის 18 ფაქტი - მარნეულის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ხუთ თვეში გამოვლენილი დარღვევები
2022 წლის დაწყებიდან დღემდე, მარნეულის მუნიციპალიტეტში 18 უნებართვო მშენებლობის და  36  სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

როგორც მარნეულის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი,  თურალ ისმაილოვი ამბობს, 36 დარღვევიდან ამ ეტაპზე,ხარვეზი მხოლოდ  სამმა გამოასწორა.  დარღვევებიდან შემოსული საჯარიმო თანხა მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით  22 000 ლარია. საუბარია იმ პირებზე, ვინც საჯარიმო მოსაკრებელი 2022 წლის  მაისის ბოლომდე გადაიხადეს. ისმაილოვის თქმით, სანებართვო პირობების დარღვევისათვის მინიმალური თანხა სოფელში 200 ლარია ხოლო ქალაქში გაცილებით მეტი.  

„დარღვევების გამოსავლენად, ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად დადიან შემოვლაზე სხვადასხვა სოფლებში, სხვადასხვა უბნებში და ასე შემდეგ. უნებართვო მშენებლობის გამოვლენა ამ პატრულირებით არის შემთხვევითობის თემა.  შეიძლება მეზობელმა შეგვატყობინოს, ასევე გვეხმარებიან მერის წარმომადგენლები. თვითონ მოქალაქეებიც მოდიან ხოლმე  და ან წერილობით გვატყობინებენ ან ზეპირსიტყვიერად. სოფელში სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა არის 200 ლარი, უნებართვო მშენებლობისათვის 1000 ლარი, მშენებლობის შეუჩერებლობისათვისთვისაც 1000 ლარი. პირველი დაჯარიმებიდან სამი თვის შემდეგ, ჩვენ ვახდენთ შემოწმებას. თუ დარღვევა არ არის გამოსწორებული, ჯარიმა სამმაგდება და 3000 ლარია ან რიგ შემთხვევაში 600 ლარი. რაც შეეხება ქალაქს, უნებართვო მშენებლობაზე ჯარიმა არის 4 000 ლარი, სანებართვო პირობების დარღვევა 200 ლარი , მშენებლობის შეუჩერებლობა კი  არის 5 000 ლარი. ზოგადად, მშენებლობების ჯარიმები განსხვავდება შენობის ტიპისგან“  - ამბობს თურალ ისმაილოვი

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა 2021 წლის განმავლობაში სამშენებლო სამართალდარღვევის 202 ფაქტი გამოავლინა და ჯამში 272 770 ლარის ჯარიმა დაიწერა.

რა არის უკანონო მშენებლობა?

უკანონო მშენებლობა არის ისეთი მშენებლობა, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (ნებართვა).
ასევე უკანონო მშენებლობად მიიჩნევა ისეთი მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც არსებითად დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ იცვლება შენობა-ნაგებობის ფუნქცია ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.

რას ნიშნავს მშენებლობის ნებართვის დარღვევა ?


სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/ სანებართვო პირობების დარღვევა, რომელიც სცილდება კანონით განსაზღვრულ დაშვებულ კორექციის ფარგლებს.
უნებართვო მშენებლობისგან იმით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში მშენებლობას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი – ნებართვა, თუმცა არსებითად ირღვევა ამ ნებართვით გათვალისწინებული პირობები.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები