მარნეულის სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება
20 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება.

სამეურვეო საბჭო საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. რადიო „მარნეულს“ რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი გახრამანოვმა უთხრა, რომ საბჭოების განახლება მუნიციპალიტეტის 74- ვე საჯარო სკოლაში მოხდება.

„ბოლოს, 2019 წელს დაკომპლექტდა სამეურვეო საბჭოები. მათ მუშაობის სამწლიანი ვადა აქვთ, რომელიც ამოიწურა. კომისიის წევრების სიას გვგზავნის სკოლები და ჩემი ბრძანების საფუძველზე ვაბრუნებთ უკან“ - თქვა ალი გახრამანოვმა.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებისათვის ემზადება ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლა. როგორც საგანმანათლელო დაწესებულების დირექტორი, ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, სკოლისათვის საბჭოს არსებობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ის ადამიანები იღებენ მონაწილეობას ბიუჯეტის, შინაგანაწესის და სხვა არსებითად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას.

„ძალიან ბევრ გადაწყვიტელებას იღებს საბჭო. მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ბიუჯეტი და აუცილებელი სამეურვეო საბჭოს ჩართულობა, იმიტომ, რომ დირექტორი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ იღებს. კომისიის წევრები უკვე დავაკომპლექტეთ. მცირე კონტიგენტიან სკოლებში საბჭოს შემადგენლობაში შედის სამი მშობელი, სამი მასწავლებელი და ერთი საშუალო საფეხურის მოსწავლე. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ მშობლებსაც და ბავშვებსაც. გვქონდა შეხვედრები მშობლებთან და სურვილის მიხედვით შემოიტანეს განცხადებები საბჭოში შემოსვლასთან დაკავშირებით“ - ამბობს ქეთევან მერაბიშვილი.

სკოლებში სამეურვეო საბჭოების ძირითად ფუნქციებში შედის დირექტორის არჩევა, ბიუჯეტის განკარგვა და შინაგანაწესის განსაზღვრა.

გარეკანის ფოტო: ქალაქ მარნეულის N5 სკოლის არქივი
Print