მარნეულში გველი საცხოვრებელი კორპუსის სამზარეულოში იპოვეს
ხიხანში მცხოვრებმა ნანა გაბაიძემ გუშინ, 12 ივნისს, სახლის ეზოში გველი ნახა. ამბობს, რომ რომ არა მისი ძაღლის რეაგირება, ქვეწარმავალი ბავშვს დაკბენდა. ნანას თქმით,წელს განსაკუთრებითაა გავრცელებული  სხვდასხვა სახეობის გველი და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„მარნეულის მერიას მივმართავდი, ვისაც ევალება ეს შეწამვლა რომ შუამდგომლობა გაგვიწიონ ვინმესთან, ვისაც ეხება ეს თემა. დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც მინდა მისვლა. ჩემს ეზოში ვნახეთ, საკმაოდ დიდი გველი იყო. ძაღლი რომ არ გვყოლოდა იქვე, არ ვიცი რა მოხდებოდა. ძალიან ბერია წელს, სხვადასხვა ადგილას. ერთთან პირველ სართულზე ლოგინში შემძვრალი ნახეს, ერთთან კიდევ უნიტაზთან იყო“ - ამბობს ნანა გაბაიძე



ნანას მსგავსად, ქვეწარმავლების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ქალაქ მარნეულში მცხოვრებ სალომე მოძღვრიშვილს რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გველი სამზარეულოში დახვდა. ქვეწარმავლის სახლიდან გაყვანაში ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარა.

„სანამ ჩვენთან შემოვიდოდა სახლში, კორპუსთან ჰყავდათ შემჩნეული.  დედაჩემმა დაინახა ჩვენს სამზარეულოში იყო ნიჟარის ქვეშ. პირველ რიგში მეზობლებს დავუძახე, სხვა ვინ გამახსენდებოდა მასეთ დროს. მერე 112-ში დავრეკე, მერე მერიაშიც გადავრეკე და გამოაგზავნეს ხალხი. 7 საათი ელოდებოდნენ გველის გამოსვლას. ჩვენი კორპუსის სარდაფებში ძალიან ნესტია და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ  იყოს“ - ამბობს სალომე მოძღვრიშვილი

„ორი დღის წინ ეზოს ვხვეტდი უშველებელი გველი შევნიშნე უცებ, რომელიც სახლში აპირებდა შესვლას. იმდენი ვქენი, რომ კარის დახურვა მოვასწარი. ისე შემეშინდა, ვყვიროდი და ალბათ ჩემს ყვირილზე გაიქცა გველი, მერე არსად მინახავს. ამბობენ, წელს ბევრი არისო. იქნება მოგვაქციონ ყურადღება, თუ არის საშუალება შეწამლონ ადგილები სპეციალური ხსნარით“ - ამბობს საიმერლოში მცხოვრები ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

როგორ რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, დავით ჭიკაძემ უთხრა, აღნიშნულ მიმართულებას მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო კურირებს. მიმართვიანობის საფუძველზე კი რეაგირებას სპეციალური ჯგუფი ახდენს.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხუთი შემთხვევა იყო. ხუთივე შემთხვევაზე გავიდნენ ჩვენი წარმომადგენლები და აღმოფხვრეს ეს შემთხვევები. ასევე, სპეციალური ხსნარით ამუშავებენ ადგილს, სადაც აღარ მივლენ ქვეწარმავლები“
- თქვა დავით ჭიკაძემ

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ კვირაში, მარნეულში ქვეწარმავლის დაკბენის 3 შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე -  112.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები