''ამ პერიოდში სულ გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ ქვეწარმავლები მომრავლდნენ, თუმცა უბრალოდ მათთან შეხვედრიანობის შანსია გაზრდილი“- ჰერპეტოლოგი გიორგი იანქოშვილი
ბოლო ერთ კვირაში მარნეულში ქვეწარმავლების ეზოში გამოჩენის სამი შემთხვევა გამოვლინდა. შესაძლოა მონაცემი გაცილებით მეტია, თუმცა ჩვენ იმ ადამიანებს ვეყრდნობით, რომლებმაც კონკრეტულ ფაქტზე გვიამბეს. მარნეულის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ წელს მუნიციპალიტეტში გველების სხვადასხვა სახეობა განსაკუთრებით მომრავლდა. რადიო „მარნეულმა“ ინტერვიუ ჩაწერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართან, გიორგი იანქოშვილთან, რომელმაც განმარტა, რომ ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად, ქვეწარმავლები სამალავებიდან გამოდიან და  მოსახლეობის მიმართვიანობა არა ქვეწარმავლების დიდი რაოდენობით გამრავლებას, არამედ ამ პერიოდში უფრო მეტ შეხვედრიანობას უკავშირდება.

„როდესაც გველები გამოდიან, ეს დაკავშირებულია ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან. წელს ცოტა გვიან დადგა გაზაფხულიც და ზაფხულიც. ამიტომ, გველების აქტივობა იყო ნაკლები, მაგრამ როდესაც უკვე დადგა ის ტემპერატურა და გამოვიდნენ და დაიწყეს გამრავლება შეხვედრიანობა გახდა უფრო მეტი. სინამდვილეში ეგეთი საკითხი, რომ გველები გამრავლდა, არ არსებობს. არსებობს ის, რომ რაღაც რაოდენობით მოიმატა ან ვიღაცას ვისაც მანამდე არ ხვდებოდა, შეხვდა. საბოლოო ჯამში, შეხვედრიანობა რომ ავიღოთ მოსახლეობასთან, დიდად განსხვავებული არ იქნება წლიდან წლამდე. ამ პერიოდში, სულ ყოველთვის გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ მომრავლდნენ. ამ დროს შეხვედრიანობაა დიდი. სიფრთხილე ყველაფერშია საჭირო. გველებზე უარესი ბუნებაში ტკიპებია, რომლებსაც უამრავი საშიში დაავადება გადააქვთ. გველებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, სიფრთხილე გვმართებს. ესეთი რამე არ არსებობს, რომ მივიდეთ ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე და ყველა გველი ამოვიღოთ ბუნებიდან. ასეთი რამ არ არსებობს. უბრალოდ იმ ცოდნით, რომ ვთქვათ რა სახეობა მიქმნის უფრო მეტად პრობლემას. აი, ამ ცოდნას პლიუს ის, რომ მიეჩვიონ, როგორც ბეღურა მოდის და ჯდება ხეზე, ისე შეიძლება გველი შემოსრიალდეს“

მკვლევარი ამბობს, რომ ქვეწარმავლების კონკრეტულ ტერიტორიებზე გამოჩენა, გარკვეულწილად ანტისანიტარიასაც უკავშირდება, თუმცა ეს მეტწილად ირიბი კავშირია.

„აქ შეიძლება ირიბ ზემოქმედებაზე ვისაუბროთ. თუ ეს არის მყარი ნარჩენი ის შეიძლება გველმა გამოიყენოს როგორც სამალავი. ანტისანიტარიას თუ მოჰყვა, მაგალითად ,ან თაგვის გავრცელება ან მსგავსი სახეობების,  იმას ავტომატურად მოჰყვება თუნდაც გველის სახეობები, რომლებიც მათით იკვებებიან, რა თქმა უნდა იქნება ირიბად დაკავშირებული. არის რაღაც ადგილები, სადაც თ ანტისანიტარიაა უფრო მეტი მწერი შეიძლება იყოს და უფრო მეტად შეიძლება გამოიყენოს ეს ადგილი საკვებად.  შეიძლება ვთქვათ, რომ იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე გამრავლდეს კი არა, უბრალოდ გაჩნდეს გველები.„

საქართველოში 24 სახეობის გველია გავრცელებული. მათგან 8 შხამიანი გველგესლა, რომელთაგან სიცოცხლისთვის სახიფათო გიურზაა. ის  ძირითადად კახეთის რეგიონში, ქვემო ქართლსა და თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფერდობებსა და ველებზე გვხვდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები