„30 ძროხა ცუდი კუში არ არის“ - რა დამოკიდებულებები აქვთ ქვემო ქართლელ სამართალდამცველებს ადრეულ ასაკში ქორწინებაზე
საქართველოს სახალხო დამცველის ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკების განწყობების კვლევის მიხედვით, საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან ჩატარებული გასაუბრებების შედეგად დადგინდა, რომ ადრეულ ასაკში ქორიწნების საკითხებზე მომუშავე შსს-ს თანამშრომლების უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი კაცები არიან, საკითხის მიმართ მათი უმრავლესობის დამოკიდებულება კი ხრირად პრობლემური და არასენსიტიურია.

განწყობების კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლის რაიონულ განყოფილებებში მომუშავე პოლიციელები აცხადებენ, რომ ადრეულ და ბავშვთა ასაკში ქორწინების შესახებ შეტყობინებას ძირიათადად სახალხო დამცველისაგან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებიდან და სხვა უწყებებიდან იღებენ, მოსახლეობა კი მათ უშუალოდ არ მიმართავს.

„მათი აზრით, ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების პრაქტიკა ძირითადად დამახასიათებელია ეთნიკური უმცირესობებისთვის და მომდინარეობს მათი ტრადიციებიდან და კულტურიდან. შსს-ს წარმომადგენლების მოსაზრებების მიხედვით, უმცირესობების თემში პოლიციისთვის მიმართვა მიუღებელი ნორმაა და ამიტომაც, მოსახლეობა პოლიციას იშვიათად მიმართავს. შეხვედრების დროს გამოვლინდა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა ეთნიკური უმცირესობების თემს განსხვავებული და, ცალკეულ შემთხვევებში, პრობლემური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების მქონედ აღიქვამს, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია და ნაკლებად ხედავს მსგავს შემთხვევებზე რეაგირების საჭიროებას. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ რესპონდენტები ადრეულ ასაკში ქორწინების ერთ-ერთ მიზეზად სათანადო განათლების არქონას ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება. ეს მიგნება გვაფიქრებინებს, რომ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან დაგვიანებული ან შესაძლო არასათანადო რეაგირება ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე, სწორედ მათ შეხედულებებსა და განწყობებს უკავშირდებ“.

ქვემო ქართლში ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორიწნების საზიანო პრაქტიკების განწყობების კვლევის მიხედვით, პოლიციელების აზრით, ადრეულ ასაკში ქორიწნების პრობლემა მხოლოდ პოლიციური კონტროლითა და დასჯით ვერ მოგვარდება და საჭიროა თემში ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება. პოლიციელები ასევე ხაზგასმით საუბრობდნენ სოციალური მუშაკების სიმცირეზე, ენის ბარიერსა და ფსიქოლოგის მუშაობის საჭიროებაზეც.

„პოლიციის თანამშრომლებში გამოიკვეთა დისკრიმინაციული დამოკიდებულებები საქართველოს აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ. შეხვედრისას პოლიციის თანამშრომლები წარმოთქვამდნენ შემდეგ ფრაზებს: „სოციალური სიდუხჭირე არაა მიზეზი ადრეული ქორწინების, მიზეზი ისაა, რომ სისხლში აქვთ ეს ტრადიციები. ეს არის ტრადიცია“, „ყარაჯალაში ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეა“. - აღნიშნულია კვლევაში

განწყობების კვლევის მიხედვით, პოლიციელები თვლიან, რომ ადრეულ ასაკში ქორიწნების საკითხის მიმართ მშობლების დამოკიდებულება ეკონომიკური სარგებლის მიღებითაა გამოწვეული. აცხადებენ, რომ მშობლები არასრულწლოვან გოგოებს მატერიალური სარგებლის მიღების ან ოჯახის ხარჯების შემცირების მიზნით ათხოვებენ.

„რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზე მშობლების როლზე საუბრისას, იხსენებს შემთხვევას, როცა ოჯახმა შვილი 30 ძროხის სანაცვლოდ „გაათხოვა“. მისი აზრით, „30 ძროხა ცუდი კუში არ არის“. დმანისის მუნიციპალიტეტის პოლიცია მშობლების როლს ამ საკითხში, ანალოგიურად განიხილავს. ისინი იხსენებენ შემთხვევას, როცა გოგოს ოჯახმა იჩივლა, თუმცა შემდგომში საჩივარი უკან წაიღო, რადგანაც „ბიჭის ოჯახმა ბევრი ფული გადაუხადა და საჩუქრებიც მიუტანა იმაზე მეტი, ვიდრე ეკუთვნოდა და ამის ფასად ფაქტიურად შვილი გაყიდა“. - აღნიშნულია კვლევაში

კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლში ადრეულ/ბავშვთა ასაკში ქორწინებაზე მომუშავე პოლიციელებთან ჩატარებული გასაუბრებების შედეგად თვალშისაცემი გახდა პოლიციელების მხრიდან ეთნიკური ჯგუფების იერარქირების პრაქტიკებიც, რა დროსაც პოლიციელები ერთ რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მეორე რაიონში მცხოვრებ უმცირესობებზე უკეთესებად მოიხსენიებდნენ.

„ერთ-ერთი პოლიციელის აზრით, „მარნეულში მეტად „განვითარებული“ მოსახლეობაა, რადგან განათლებას უფრო მიაქციეს ყურადღება. დმანისი უფრო შორია და ნაკლებად ექცევა ყურადღება განათლებას“. - ნახსენებია კვლევაში

კვლევა მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, პლატფორმა სალამთან თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის, "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

განწყობების კვლევის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინების მხარდამჭეი მშობლების მოსაზრებების და მათ განწყობებში არსებული სიღრმისეული მიზეზების შესწავლაა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია