მარნეულის სკოლებიდან ჭადრაკში გადასამზადებელი პედაგოგები შეირჩა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლიდან, პირველკლასელები სავალდებულო საგნად, ჭადრაკს ისწავლიან. გადამზადებული პედაგოგები, პირველ კლასელებს ჭადრაკის პირველ საფეხურს შეასწავლიან. ინიციატივა მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. მარნეულის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი, ალი გახრამანოვი განმარტავს, რომ მზადება მათ უკვე დაიწყეს. მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან პედაგოგების სიები, რომლებმაც ბავშვებს ჭადრაკი უნდა შეასწავლონ სამინისტროს, უკვე გადასცეს. რაც შეეხება ჭადრაკის დაფებს, ამას სკოლები თავისივე ბიუჯეტით შეიძენენ.

,, სკოლებში მოვიკითხეთ პედაგოგები, რომლებმაც იციან ჭადრაკის თამაში, შემდეგ სიები მოგვაწოდეს დირექტორებმა და უკვე გავაგზავნეთ. ტრენინგები, სავარაუდოდ, აგვისტოში იქნება და რამდენი ხანი გაგრძელდება, ჯერ უცნობია". - თქვა გახრამანოვმა

სამინისტროსგან განსხვავებული პოზიცია აქვს ჭადრაკის სპეციალისტს, დავით ხიზანიშვილს. ფიქრობს , რომ სპორტის ეს სახეობა სკოლებში სავალდებულო არ უნდა იყოს. მიზეზად გასული წლების წარუმატებელ პრაქტიკას ასახელებს.

,,მასწავლებლები ადვილად ითვისებენ პროგრამას, რაც მოცემულია მათთვის. ძირითადად შერჩეულები არიან ის პედაგოგები, ვინც თუნდაც ადრე დადიოდა ჭადრაკზე და ელემენტარულები იცის. ვფიქრობ, რომ მასწავლებლები შეძლებენ, მაგრამ სკოლაში ჭადრაკი სავალდებულო არ უნდა იყოს. რამდენიმე წლის წინათაც იყო მსგავი რამ სკოლებში და მალევე მოხსნეს, რადგან არ გაამართლა. რთულია 25-30 ბავშვის მობილიზება, ზოგს აინტერესებს, ზოგს - არა". - გვითხრა ხიზანიშვილმა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აზრით,, ჭადრაკის სავალდებულო სწავლება, მოსწავლეებს შესძენს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც მომავალში ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭაში დაეხმარება. 15 სექტემბრამდე სკოლები აღჭურვილი უნდა იყოს ჭადრაკის გაკვეთილების ჩასატარებლად შესაბამისი ინვენტარით. საჯარო სკოლებისთვის საჭირო სადემონსტრაციო დაფების შესაძენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარია გამოყოფილი.

Print