შშმ პირთა საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ პირევლი შეხვედრა ძველ საკითხების განხილვას დაუთმო
დღეს, 27 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს  ახალმა თავმჯდომარემ წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა. თემურ შუბითიძე მარნეულის მერის მოადგილე და პარალელურად შშმ პირთა საბჭოს ხელმძღვანელია.  სხდომაზე მისულ რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. მიზეზად პირველი სამუშაო შეხვედრა და პერსონალური მონაცემების გაჟღერების თავიდან აცილება დაასახელეს. თემურ შუბითიძე განმარტავს, რომ საბჭოს წევრებთან სულ შვიდი საკითხი განიხილეს.

„შვიდ სხვადასხვა საკითხზე ჰქონდათ მომართვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. რამდენიმე დადებითად გადაწყდა, რამდენიმე კი დამატებით შესწავლას ექვემდებარება და მომავალში გადავწყვეტთ. ახლა მომართვიანობა უფრო იყო ეტლებთან და სმენის აპარატებთან დაკავშირებით. აქ არის კონკრეტული ადამიანების განცხადებები, ზოგს სასმენი აპარატის ელემენტი აქვს შესაცვლელი, ზოგია დაზიანებულია და შესაკეთებელია. სხვადასხვა პრობლემებია. განცხადებაში მოყვანილია მოქალაქეების სახელი და გვარი, რომელიც პირადი ინფორმაციაა და მათი პირადი მონაცემებია ჩადებული. მე მაგ მოქალაქეების მოთხოვნას ვერ გავასაჯაროებ. შევეცდებით ისე ჩავატაროთ შემდეგი სხდომები, მოქალაქეების უფლებები არ დაირღვეს“


შშმ პირთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი მარნეულელი სურიკ ჩიჩიანია. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს,  შეხვედრაზე ჯერ კიდევ გასული წელის მოუგვარებელი საკითხები განიხილეს.

„იმედია, რომ აუცილებლად განხორციელდება ის საკითხები, რასაც შევპირდით  გასული წლის საახალწლოდ მოსახლეობას. ამის იმედი  გვაქვს და აუცილებლად განხ0ორციელდება ახლო ხანებში. საკითხი შეხო აპარატებს, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობაზე. გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ რა საბუთებიც გვაქვს იმით ვიმგზავროთ და შემდეგ უკვე სპეციალური საბუთები დაიბეჭდება და გაეცემა ყველა იმ შშმ პირს, ვინც სარგებლობს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტით“

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ხუთი თვეა, რაც საბჭო აღარ შეკრებილა და  მათთვის საჭირო საკითხებზე არ უმსჯელია. არადა, მათი პრობლემები მინიმუმ ყოველ სამ თვეში უნდა გადახედულიყო.

2022 წლიდან შშმ პირებისთვის დაიგეგმა ათი ერთეული ხმოვანი წნევის აპარატის შეძენა, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა და დახმარებების 30 ლარით გაზრდა.

ამ ეტაპისათვის კი მხოლოდ ერთი მოთხოვნა, დახმარების 30 ლარით გაზრდა შესრულდა. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 130 ლარს, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახლა 100 ლარს იღებენ.


შშმ პირთა საბჭო სულ 9 წევრისაგან შედგება. მასში მარნეულის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, შშმ პირები,  შშმ ბავშვთა მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.   


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები