მარნეულში ჩამონგრეული აივნის შემდეგ მერიაში შემოწმებაზე მიმართვიანობა გაიზარდა
26 ივნისს, მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მერიაში მიმართვიანობა გაიზარდა. მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსების შემოწმებას ითხოვენ.  მარნეულის მერის მოადგილე, როინ დეკანოიძე რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნები ჩამოიშალა და შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, მოქალაქეები თვითმმართველობას ბინების შემოწმებაზე განცხადებით მიმართავენ. დეკანოიძის თქმით, საკითხს კომპლექსურად მიუდგებიან და საქმეში კვალიფიციურ ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფებს ჩართავენ. ჯერჯერობით უცნობია რა თანხას გამოჰყოფს მუნიციპალიტეტი აღნიშნულის მოკვლევისთვის.

“ზედამხედველობა, ინფრასტრუქტურის თანამშრომლები და  ასევე მეც ჩართული ვარ და შემოწმდება ეს  კორპუსები, რა თქმა უნდა.  ექსპერტიზები უნდა ჩატარდეს. უკვე მომართვიანობაც არის კორპუსებიდან. გუშინაც შემოვიდა ორი განცხადება, დღეს დილითაც მივიღეთ. ახლახანს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ლოგიკურია ალბათ, რომ ბევრი კორპუსის მაცხოვრებელი მოგვმართავს. ფინანსურად როგორ მოხდება ჯერჯერობით ან რა თანხებთან იქნება დაკავშირებული,  ეს ზუსტად არ ვიცით. დაჩქარებულად რომ ჩატარდეს ექსპერტიზა, სხვა თანხაა გადასახადი და თავის ვადები აქვს ამ ყველაფერს.  კომისიის შეხედულება (მერიაში შექმნილი კომისია) ცალსახად არის ესეთი, რომ კვალიფიციურად მოხდეს და გააკეთონ ეს შემოწმებები ექსპერტებმა.  სამხარაულმა თუნდაც,  ან  რომელიმე საექსპერტო ბიურომ, რომელიც, რა თქმა უნდა, კვალიფიციურად მოახდენს შემოწმებას. მერე ვიხელმძღვანელებთ გასამაგრებელი იქნება კორპუსი თუ სხვა საჭიროება დადგება. განცხადება რაც შემოვიდა, მე დღესვე ვუთხარი, რომ  გასულიყვნენ და ენახათ, მაგრამ  ეს უბრალოდ განმცხადებელთან გასაუბრება იქნება,  ვიზუალურად კორპუსის დათვალიერება და შემდგომ ამ მასალების ექსპერტიზაზე გადაგზავნა და ექსპერტიზისთვის მიმართვა“ - თქვა როინ დეკანოიძემ.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში არ არსებობს სტატისტიკა, იმ კორპუსების შესახებ, რომლებიც უნდა შემოწმდეს. ერთდერთი რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 48 საცხოვრებელი კორპუსია, რომელთა სადარბაზოების გარემონტება და სენსორული განათების დამონტაჟება იგეგმება.  

26 ივნისს, ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის ორი აივნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა


Print