უამინდობის დროს დაზიანებული დროშის შეცვლა მერიას 1050 ლარი დაუჯდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს სახელმწიფო დროშა 1050 ლარად იყიდა. ქალაქის შემოსასვლელში ერთი თვის წინ დაკიდული დროშა ქარმა დააზიანა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახლის შეძენა გამარტივებული წესით გადაწყვიტა. ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის მოთხოვნით მარნეულის მერს, კეან ომაროვს , მერიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბესიკ სეხნიაშვილიმა მიმართა.

„მოგახსენებთ, რომ 25-ივნის ქარიშხლის შედეგად დაზიანდა ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში არსებული გარე მოხმარების სარკისებური საქართველოს დროშა , აქედან გამომდინარე საჭიროა შეძენილ იქნეს გარე მომსახურების სარკისებური ორმხრივ გამოსახულებიანი ( 4X6-ზომის ) ახალი დროშა გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება“

მუნიციპალიტეტმა დროშა შ.პ.ს. „ბრენდჰენდი“-ისგან შეიძინა.მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის შესასვლელში 20 მეტრიანი დროშა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს აღმართა.

დროშა ქალაქ მარნეულის შესასვლელში, აბრის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" მიმდებარედ აღიმართა. მარნეულის მერიამ დროშის აღმართვისათვის 13 585 ლარი დახარჯა.

Print