ალგეთის ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპულ ენვერ უმბატოვის სახელს მიანიჭებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ აფხაზეთის ომში დაღუპული ენვერ უმბატოვის სახელის მარნეულის ერთ-ერთი ქუჩისათვის დარქმევის შესახებ შექმნილი პეტიციის ავტორს პასუხი შვიდი თვის შემდეგ გასცა.

სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას ინიციატივით 1 300 ადამიანის ხელმოწერილი პეტიცია, ენვერ უმბატოვის ოჯახის წევრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 29 დეკემბერს შეიტანეს. ბაირამოვას განმარტებით, პეტიციით მარნეულის მერიისაგან სამი საკითხის გადაჭრას ითხოვენ.

„პეტიციის მიხედვით ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მარნეულში არსებულ 9 აპრილისა და აფხაზეთის ომის გმირების მემორიალზე დაემატოს იანავრ უმბატოვის სახელი და გვარი, რადგან მისი სახელი ამ მემორიალზე არაა. მეორე მოთხოვნაა რომ ქალაქ მარნეულში ერთ-ერთ ქუჩას ამ ადამიანის სახელი დავარქვათ და მესამე მოთხოვნაა რომ იანავრ უმბატოვისთვის პატარა მემორიალი გავაკეთოთ. მას შემდეგ, რაც პეტიცია შევიტანეთ, უკვე 7 თვე გავიდა, სხვადასხვა უწყებებს ვესაუბრე, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. გვითხრეს, რომ აუცილებლად შეგვეხმიანებიან, მაგრამ მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ბოლოს წინა კვირას კიდევ დავრეკე და ველოდებოდი ზარს საკრებულოს აპარატიდან. ჯერ თქვეს, რომ გაგზავნილი აქვთ შუალედური პასუხი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა, მეც არ მიმიღია პასუხი მერიისაგან. ძალიან ხშირად ვურეკავ და ამ 7 თვის განმავლობაშ ვერ მივიღე პასუხი თუ რას აკეთებენ“.

სამირა ბაირამოვა რადიო „მარნეულმა“ პირველ აგვისტოს ჩაწერა. ოფიციალური პასუხი კი დღეს, 3 აგვისტოს, გასცეს. მერიის მიერ ბაირამოვასათვის მიწერილი ოფიციალური წერილის მიხედვით, სოფელ ალგეთში სახელდების პროცესში ერთ-ერთ ქუჩას ენვერ უმბატოვის სახელი ეწოდება.

„გაცნობებთ, რომ „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ერთ-ერთი ფორმაა სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის სახელის დარქმევა ქუჩისთვის. შესაბამისად, სოფელ ალგეთში სახელდების პროცესში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდება იანავრ უმბატოვის სახელი“.

მარნეულის მერიის მიერ სამირა ბაირამოვასთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში ასევე განმარტავენ, თუ რატომ არაა მარნეულში მდებარე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალზე ენვერ უმბატოვის სახელი.

„ქ, მარნეულში მდებარე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალზე მხოლოდ იმ ადამიანების სახელი და გვარია მითითებული, ვინც გაწვეული იქნა მარნეულის სამხედრო კომისარიატიდან. ჩვენთან შემოსულ წერილს თანდართული აქვს საბრძოლო მოკვლევა სადაც მითითებულია, რომ უმბატოვი იანვარ ორუჯ ოღლი, დაბადებული 1950 წელს, მარნეულის სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე არ ყოფილა და მასზე არ მოიპოვება კომისარიატში ინფომრაცია, ვინაიდან, მისი გაწვევა მარნეულის რაიონის სამხედრო კომისარიატიდან არ მომხდარა. იანავრ უმბატოვი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. რუსთავში, შესაბამისად, სამხედრო აღირცხვაზე იქნებოდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ქ. რუსთავის სამხედრო კომისარიატში“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის ოფიციალურ წერილში

სამირა ბაირამოვას განმარტებით, ენვერ უმბატოვს სკოლა რუსთავში ჰქონდა დამთავრებული რის გამოც მან რუსთავის მერიასაც მიმართა თხოვნით, სკოლაში გააკეთონ მემორიალური დაფა სადაც აღნიშნული იქნება რომ საქართველოს გმირი ამ სკოლის კურსდამთავრებულია. ბაირამოვას თქმით, რუსთავის მერიიდან მიიღო პირობა, რომ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფი იმუშავებს და მოთხონის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რადიო „მარნეული“

Print