ჩამონგრეული აივნის შენობიდან გაყვანილ მოსახლეობას მერია სასტუმროში ყოფნის ვადას უხანგრძლივებს და თანხას ამატებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის თავშესაფრის უზრუნველსაყოფად მესამე გამარტივებული შესყიდვა გააფორმა და 32 400 ლარი გადაიხადა.

მერიამ ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე № 1 საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები 24 მოქალაქის უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თანხები მესამედ გამოყო და ხელშეკრულება სასტუმრო "კავკაზთან" გადაუდებელი აუცილებლობის პრინციპით გააფორმა.

"მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მერიას წერილობით მომართა ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ელჩინ ჯაფარლიმ, რომელშიც აღნიშნულია, რომ წინასწარ გათვლილი სავარაუდო მომსახურების პერიოდი არის ამოწურული, ხოლო მომსახურების გაწევა გაგრძელდება 15 დღის ვადით. გთხოვთ დაავალოთ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება" - წერია მოხსენებით ბარათში.

გამარტივებული ტენდერის მიხედვით, მოსახლეობას სასტუმროში განთავსება საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და აივნების რეაბილიტაციამდე მოუწევთ. ამ ეტაპზე, სავარაუდო თარიღად 15 კალენდარული დღე განიხილება.

28 ადამიანი სასტუმრო „კავკაზში“ თავდაპირველად 1-ლი ივლისიდან თექვსმეტი დღით გადაიყვანეს, რაშიც მერიამ 40 000 ლარი გადაიხადა. სასტუმროს მომსახურების ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა 17 ივლისიდან გააგრძელა და 37 800 ლარი გადაიხადა.

26 ივნისს მარნეულში ნარიმანოვის ქუჩა N1-ში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანი ჩამოინგრა, რამაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც გამოიწვია. აივნების ნგრევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა.

აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება.


საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და აივნების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენისათვის 14 160 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მერიამ უკვე განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია,
Print