"RMG" სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
კომპანია არემჯი განცხადებას ავრცელებს სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებზე. მათივე განმარტებით, მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით, ამდენად სოფელზე გამორიცხულია რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით.


"მუშევანის ლიცენზიას „არემჯი“ ფლობს 2011 წლიდან. შესაბამისი სანებართვო პროცედურების გავლის შემდეგ, ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას, რომელიც ვფიქრობთ მნიშვნელოვან განვითარებას მოუტანს სოფელ მუშევანს და მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტს. კომპანიამ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, კერძოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან გააფორმა სოფლის განვითარების მემორანდუმი განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ვფიქრობთ, სწორედ ამ პერსპექტივის დასაცავად გამოვიდა დღეს მუშევანის მოსახლეობა და პასუხი გასცა იმ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის გაჩერებას.
მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით, ამდენად სოფელზე გამორიცხულია რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით, რაც დასტურდება წინასწარ ჩატარებული კვლევებით და ცნობილია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩვენი სურვილია კომპანიის განვითარებას თან ახლდეს ახლო მდებარე სოფლებისა და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება. კომპანია ემიჯნება ყველანაირ დაპირისპირებას და მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისკენ"- წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 13 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, მოსახლეობა „RMG GOLD“-ის წინააღმდეგ ხელმოწერების შესაგროვებლად და დაანონსებული მადნეულის მოპოვების პროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერდა „RMG GOLD“-ის დაანონსებულ პროექტს, ხოლო შეკრებილთა უმრავლესობა მათ წინააღმდეგ წავიდა. მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მათ სოფელთან ახლოს მადნეულის ღია კარიერული წესით მოპოვება მათი სოფლის ეკოლოგიაზე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები