"1+4 სტაჟირების პროგრამა" გამოცხადდა - რა კრიტერიუმებით ირჩევიან მონაწილეები
„1+4 პროგრამის“ მონაწილე სტუდენტებისათვის სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა საჯარო სამსახურებში, ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა. სტაჟირების პროგრამაზე მიღებას „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით აცხადებს.

პროგრამით სარგებლობა საპილოტე რეჟიმში 2017 წელს დაიწყო. როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელისო ლომიძე ამბობს, სტაჟირების პროგრამა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში, 1-დან 6 თვემდე ვადით ცხადდება.

„ეს არის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის სპეციალური, გამარტივებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო უწყებებში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის გზით სათანადო ინფორმაციისა და გამოცდილების მიღებას, ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული ლექსიკის გამდიდრებას, ამავდროულად, საქმიანი უნარ-ჩვევების შემდგომ განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შრომის ბაზარზე, წაახალისებს მათ ჩართულობასა და ხელს შეუწყობს სამოქალაქო ინტეგრაციას. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ბაკალავრიატის III ან IV კურსის სტუდენტები/კურსდამთავრებულები, ან მაგისტრატურის სტუდენტები/კურსდამთავრებულები“ -
ამბობს ელისო ლომიძე

დაინტერესებული აპლიკანტი ელექტრონულად ავსებს განაცხადის ფორმას. განაცხადის სრულყოფილად შევსებისა და მოთხოვნილი სხვა საბუთების წარმოდგენის შემდგომ, აპლიკანტი გადის გასაუბრებას სპეციალურად შექმნილ საკონკურსო კომისიასთან, რომელშიც ასევე მონაწილეობს მის მიერ სტაჟირების გავლის მიზნით შერჩეული უწყების წარმომადგენელი.

„საკონკურსო კომისია ორი უმთავრესი კრიტერიუმის საფუძველზე არჩევს აპლიკანტებს. პირველი - აპლიკანტი უნდა ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს ან ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების ერთ წლიანი პროგრამა. ამავდროულად, აპლიკანტმა სამოტივაციო წერილში, მოკლედ, მაგრამ ნათლად და არგუმენტირებულად უნდა წარმოადგინოს მისთვის სასურველ, კონკრეტულ უწყებაში სტაჟირების გავლის მოტივაცია. პროგრამის ფარგლებში, დღემდე 400-მდე ახალგაზრდამ გაიარა სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის, სამინისტროებში, ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სკოლებში. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, მათ ვისაც აქვთ ინტერესი და შესაბამისი მოტივაცია,გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში.“ - ამბობს ელისო ლომიძე


აღსანიშნავია, რომ პროგრამა დროებით შეჩერებული იყო 2020 წელს, კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის ფორმის შევსება 17 ოქტომბრამდე შეგეძლებათ.


დაინტერესებულ პირებს სტაჟირების პროგრამის საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები