რა შესაძლებლობები აქვთ მარნეულელ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად
Erasmus+, FLEX, UGRAD, Fulbright – ეს იმ პროგრამების მცირე ჩამონათვალია, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელება და სხვადასხვა გრძელვადინ თუ მოკლევადიან პროექტებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

შალალას, ვანოს, ქეთის, მარიამს, ქეთევანს, აისუნს, პეტროსს, ვლადიმერს და იაკობს 10 დღის პოლონეთში გატარებისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა „ერასმუსის“ პროექტის მეშვეობით მიეცა. საქართველოს წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართულ პროექტში ესტონელ, უკრაინელ, პოლონელ და ჩეხ ახალგაზრდებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

მარნეულელმა შოკა აკოფიანმა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება 2016 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში შოკა 10 დღით გერმანიაში გაემგზავრა. იხსენებს, რომ პროექტებით მას შემდეგ დაინტერესა, რაც მარნეულის დემოკრატ ქალთა ორგანიზაციაში სტაჟიორად მივიდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს შოკამ გაიგო „ერასმუსის“ პროგრამის შესახებ, რომლებიც ახალგაზრდებს ევროპაში განათლების მიღებისა და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

„მას შემდეგ, რაც „ერასმუსის“ პროგრამაზე გავიგე, ერთ-ერთ პროექტში გავაგზავნე ჩემი სივი და ამირჩიეს მონაწილედ. ამ პროექტმა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ახალი ქვეყნების ნახვა და ამან უფრო გაზარდა ჩემი მოტივაცია, რათა მემოგზაურა და რაიმე ახალი მესწავლა. პროექტში რომ მივიღე მონაწილეობა სოფელში ყველა ძალიან გაოცებული იყო, ვაიმე სად მიდიხარო და რაღაცეებს მეკითხებოდნენ. ჩამოსვლის შემდეგ კი ყველას აინტერესებდა სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ნეგატიური კომენტარები არ ყოფილა, ყველა პოზიტიურად მესაუბრებოდა, მეკითხებოდნენ იქ როგორი იყო ცხოვრება და ა.შ. მგონი მოტივაციასაც ვაძლევდი ხალხს, რადგან მაშინ ინგლისურს კარგად არ ვფლობდი და მაინც შევძელი პროექტში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამ პროექტების შემდეგ დავიწყე ინგლისურის უფრო კარგად სწავლა, რადგან ამის საჭიროება დავინახე“.

გარდა მოკლევადიანი პროექტებისა, შოკამ მონაწილეობა მიიღო გრძელვადიან „ევროპის მოხალისეობის სერვისის“ პროგრამაში. ერთი წლის განმავლობაში შოკა პოლონეთში ერთ-ერთ ორგანიზაციაში წავიდა მოხალისედ. იხსენებს, რომ მოხალისეობის გამოცდილებამ არა მარტო პროფესიული, არამედ პიროვნული თვალსაზრისითაც გაზარდა, რადგან სწორე მაშინ დადგა ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიც მშობლებისა და საყვარელი ადამიანებისაგან შორს, მარტო, ცხოვრებაა. მოხალისეობრივმა პროექტმა შოკას პირად ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა, მან სწორედ პოლონეთში იპოვა მეორე ნახევარი და ახლა პატარა შვილიც ჰყავს.

„ამ 10 დღიანმა „ერასმუსის“ პროექტემა გამიადვილა გრძელვადიანი მოხალისეობრივი პროექტის არჩევანი. რაღაც დონეზე უკვე ვიცოდი როგორია ევროპაში ცხოვრება თუმცა ეს მაინც არ იყო ადვილი, რადგავ EVC-ი არის მაინც განსხვავებული პროექტი, რადგან უფრო დიდი დროით ხარ წასული და მეორე ისიც არის, რომ უნდა იცხოვრო დამოუკიდებელი ცხოვრებით. რეალურად, უნდა შეძლო რომ საკუთარ თავს დამოუკიდებლად მოუარო. შენ უნდა დაგეგმო შენი დღე, უნდა გათვალო რამდენი უნდა დახარჯო, რა შეჭამო, რითი იმგზავრო. ეს ყველაფერი კი ძალიან კარგი გამოცდილებაა. ჩემთვის პოლონეთში ყოფნა მაინც ადვილი იყო, რადგან ჩემი აზრით მენტალურად უფრო ახლოს არიან ჩვენთან ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნები. ამ პროექტემბა ძალიან ბევრი რაღაც მომცეს რამაც ჩემი და ჩემი ქმრის ცხოვრება გაადვილა. უფრო კარგად გვესმის ერთმანეთის რადგან უკვე ვიყავი ჩამოყალიბებული ადამიანი რომელმაც პოლონეთზე უკვე ყველაფერი იცოდა, არ ყოფილა ის მომენტი რომ ჩემთვის გაუგებარი ყოფილიყო პოლონური კულტურა“.

მარნეულელი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილმა არ იცის იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ გაცვლითი პროგრამები აძლევს. ევროპასა და ამერიკაში სწავლის გაგრძელების მხრივ მარნეულელების მთავარი პრობლემა ენობრივი ბარიერია. ქართულ ენასთან ერთად აპლიკანტებმა ინგლისური ენაც უნდა იცოდნენ, რათა პროგრამაში სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა. ახალგაზრდებს ექმნებათ პრობლემა ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებითაც, რადგან სოფლის სკოლებში არ ტარდება საინორმაციო ხასიათის შეხვედრები გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით. მარნეულელი ზაქარია მამედოვი უკვე მესამე წელია უნგრეთში სწავლობს. ამბობს, რომ მისი სკოლაში სწავლის პერიოდში არ ჰქონია ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ, ხოლო სტუდენტობისას ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ერთ თვიან გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რამაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.

„ზუსტად ამერიკაში წასვლის მერე გამიჩნდა სურვილი საზღვარგარეთ სწავლის. ახლა ვუყურებ ახალგაზრდებს რომლებიც მოსამზედებლ კურსებზე დადიან მათემატიკაზე, ქართულზე და ინგლისურზე. ჩემს დროსაც იყო ესეთი რამეები, სტუდენტები დადიოდნენ რეპეტიტორებთან, მაგრამ ახლა უფრო მეტი შანსია სწავლის ვიდრე მაშინ იყო როცა მე ვსწავლობდი. საზღვაგრეთ სწავლა იმიტომ ავირჩიე რომ საქართველოში ნამდვილად ვერ დავინახე პერსპექტივა. ვიფიქრე რომ საზღვარგარეთ ვისწავლი, ვიმუშავებ, გამოცდილებას დავაგროვებ და ისევ შემეძლება საქართველოში დაბრუნება. თუ საქართველოში დავამთავრებდი უნივერსიტეტს ამდენი შესაძლებლობა არ მექნებოდა. ახლანდელ მე-9 კლასელებს და ჩემი დროის მე-9 კლასელებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩემს დროს არ იყო ამდენი შესაძლებლობა და დღეს არის“. - ამბობს ზაქარია მამედოვი

ამ ეტაპზე 32 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანამშრომლობს ევროპის 33 ქვეყნის უნივერსიტეტებთან.

ერასმუსის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში საქართველოდან ევროპაში სასწავლებლად 6 509 სტუდენტი გავიდა, ხოლო საქართველოში სასწავლებლად 3 859 სტუდენტი ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად პროგრაში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება. მაგალითისათვის 2018 წელს საქართველოდან ევროპაში სასწავლებლად 1 109, 2019 წელს 1 144, ხოლო 2020 წელს 1 754 სტუდენტი წავიდა.

ევროპის ქვეყნებთან პარალელურად ქართველ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამერიკაში მიმდინარე გაცვლით პროგრამებში.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან მიღებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით 6 238-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ პროექტებში. აქედან 300 ქვემო ქართლის წარმომადგენელი ახალგაზრდაა.

საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების მთავარ მიზანს ორი ქვეყნის მოქალაქეთა შორის კომუნიკაციის დამყარება, გამოცდილების გაზიარება, მეგობრების შეძენა, კულტურათა გაცნობა და განვითარება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებს ევროპასა და ამერიკაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, ან თუნდაც სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლო აქვთ მარნეულელი ახალგაზრდების წინაშე კვლავ დგას ისეთი პრობლემები როგორიცაა ენობრივი ბარიერი. ბიჭებისაგან განსხვავებით კი გოგოებს ექმნებათ უფრო მეტი პრობლემა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მშობლებს გოგოების საზღვარგარეთ გაშვება არ უნდათ.

„საქართველოში ბევრს არ აქვს ინტერესი. მე ვფიქორბ, რომ საზღვარგარეთ არ არიან ნამყოფი, არ უნხავათ სხვა ქვეყნები და მაგიტომ არ არიან დიდად დაინტერესებულნი. მე ბევრი ისეთი ახალგაზრდაც მინახავს რომელსაც ოჯახი არ უშვებს საზღვარგარეთ სასწავლებლად. ბევრი ამბობდა მინდა მაგრამ დედამ ან მამამ არ მომცა ნებართვაო. მშობლებსაც უნდა გავესაუბროთ. მე 2 წელია აქ ვარ, ვსწავლობ, ჭკვიანად და ჯანმრთელად ვარ. ბევრი მსმენია რომ ვიღაცის და ან ძმა საზღვარგერთ ჩაირიცხა უმაღლესში მაგრამ არ გაუშვეს რომ წავიდეს და ისწავლოს. უფრო მეტად გოგოებს არ უშვებენ“. - ამბობს ზაქარია მამედოვი

ზაქარია ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია სკოლებში, განსაკუთრებით კი სოფლის სკოლებში, აქტიურად ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისა და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ. ამასთანავე, აუცილებელია მშობლებთან შეხვედრაც და მათი ინფორმირებაც იმ სიკეთეების შესახებ რასაც გაცვლითი პროგრრამები ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს სთავაზობს, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ მშობლები არიან ის ადამიანები, რომლებიც შვილებს სხვადასხვა შიშის გამო საზღვარგარეთ არ უშვებენ.

სტუდენტების მგზავრობის პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ მარნეულის მერიაშიც. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ პანდემიის დაწყებამდე, 2020 წელს, ადგილობრივ თვითმმართველობას მოლაპარაკებები ჰქონდა საქართველოს რკინიგზასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რათა შემუშავებულიყო სტუდენტთა მგზავრობის ერთიანი მიდგომა. დეკანოიძის განმარტებით, ამ მიმართულებით სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა რაც უნივერსიტეტები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ ეტაპისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტი ახალ ახალგაზრულ პროგრამას ქმნის, რომელიც 2023 წლიდან უნდა ამოქმედდეს. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები