მარნეულის ბაღებში ჯგუფები გადავსებულია - აღმზრდელები პერსონალის დამატებას ითხოვენ
მარნეულის მასშტაბით საბავშვო ბაღები გადავსებულია და ჯგუფებში გათვალისწინებულზე მეტი ბავშვია. რადიო „მარნეულს“ მარნეულის რამდენიმე ბაღის აღმზრდელმა, ანონიმურობის დაცვის გარანტით, განუცხადა, რომ ბავშვების გაზრდილი რაოდენობის გამო საკუთარი მოვალეობის შესრულება უძნელდებათ.

„ძალიან ბევრი ბავშვია ჯგუფში და ერთი აღმზრდელი და ერთი დამხმარე ვერ აუდის ამდენ სამუშაოს. კარგი იქნება თუ აღმზრდელების რაოდენობა გაიზრდება, ან ბავშვების რაოდენობა შემცირდება“. - გვითხრა მარნეულის ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელმა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ კუტალიამ განაცხადა, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანება ინფორმირებულია, რომ ბაღებში განსაზღვრულზე მეტი აღსაზრდელია და არსებული რესურსების ფარგლებში პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

„როგორც მოგეხსნებათ მარნეულში საკმაოდ მოჭარბებული მოთხოვნაა სკოლამდელი აღზრდის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, და განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ქალაქ მარნეულის ბაღებზე, ბავშვები არ დარჩნენ სკოლამდელი განათლების მიღმა. რაც შეეხება ბაღებს, მოგეხსენებათ, რომ ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღი რეაბილიტაციის პროცესშია და უკვე ძალიან მალე გაიხსნება კიდევაც. ასევე არის სოფელი ყიზილაჯლო, რომელიც არის ძალიან ახლოს მარნეულთან და მიმდინარეობს მისი რეაბილიტაციაც. ეს ბაღები როდესაც გაიხსნება, რა თქმა უნდა, გარკვეული სახით დატვირთვა შემცირდება“.

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ბაღებში დარეგისტრირებულია ბავშვების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ მათი ნაწილი ბაღებში არ დადის. აცხადებს, რომ საბავშვო ბაღების ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის გაზრდა უფრო მეტად სასარგებლოა, ვიდრე ბავშვების სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩენა.

„წარმოიდგინეთ, მარნეულში დაახლოებით 2 000 ბავშვია რეგისტრირებული, რომელიც სასკოლო ასაკისაა და ეს 2 000 ბავშვი ქალაქში სულ სამმა ბაღმა უნდა დააკმაყოფილოს. რაც არის ის ინფრასტრუქტურა რომელიც გადმოცემული გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა გამოვიყენოთ და შესაბამისად როდესაც გაიხსნება N1 საბავშვო ბაღი ეს მდგომარეობაც გამოსწორდება“.

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებას საბავშვო ბაღებში აღმზრდელების დამატების შესაძლებლობა ექნება, მათი რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

მარნეულში სულ 14 საბავშვო ბაღია, მაგრამ 2022-23 სააღმზრდელო წელი მხოლოდ 11 მათგანში დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები