ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსიის შესახებ კანონებს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ოთხ კანონს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიას.

ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ „ფედერაციის ახალი სუბიექტების საზღვრები“ განისაზღვრება იმ საზღვრებით, რომლებიც „არსებობდა მათი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს“.

რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი რეგიონების „ხელმძღვანელების არჩევამდე“, მათ პუტინის მიერ დანიშნული დროებითი მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ.

ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელის“ მოვალეობის შემსრულებლად ლეონიდ პასეჩნიკი დანიშნა, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელის“ მოვალეობის შემსრულებლად - დენის პუშილინი, ევგენი ბალიცკი - ზაპოროჟიეს ოლქის „გუბერნატორის“ მოვალეობის შემსრულებლად, ვლადიმერ სალდო კი - ხერსონის ოლქის „გუბერნატორის“ მოვალეობის შემსრულებლად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები