მარნეულში ჩამონგრეული აივნების კორპუსის რეაბილტაციისთვის 2 121 737 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ნარიმანოვის ქუჩა N1-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის, აივნების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის 2 121 737 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ხუთი თვეა, რაც მარნეულიში ნარიმანოვის ქუჩაზე N1 საცხოვრებელი კორპუსის ორი აივანი ჩამოინგრა, რასაც ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეხუთე სართულის აივანი 26 ივნისს ჩამოინგრა, რასაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც მოჰყვა. შემთხვევის შემდგომ მარნეულის მერიამ მოქალაქეები სასტუმროში გადაიყვანა. აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება. მიუხედავად ამისა, კორპუსის მაცხოვრებლები კვლავ თავიანთ ბინებში დაბრუნდნენ. კორპუსის რეაბილიტაციისათვის ტენდერი თვითმმართველობამ 2022 წლის 18 ნოემბერს გამოაცხადა.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, შენობაში და სახურავზე არსებულ წყლის რეზერვუარებს ჩაუტარდება დემონტაჟი, მოიხსნება სახურავის გადახურვის ფილები ამწის მეშვეობით, ასევე მოხდება აივნების დემონტაჟი.

"ამ ეტაპზე აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი კონსტრუქციული ღონისძებების გატარება":

  • აძირკვლის გაძლიერება რკინაბეტონის საძირკვლების შედგმით ეტაპობრივად, ჭადრაკულად
  • კიბის უჯრედების გაძლიერება ყველა სართულზე ლითონის ელემენტებით
  • მოეწყობა ახალი აივნები ლითონის ელემენტებთ გარკვეულ მონაკვეთებში ღიობის ზომებიდან გამომდინარე
  • ტექნიკურ სართულზე მოეწყობა ხის სახურავის გადახურვა
  • შენობაში წყლის მოწოდების პრობლემიდან გამომდინარე მათ მიმდებარედ მოეწყობა დამხმარე ნაგებობა წყლის რეზერვუარების და ტუმბოს განსათავსებლად
  • შენბობის ფასადი გასუფთავდება და შეიღებება ბრიზგით. ამისათვის მოეწყობა ხარაჩოები ბადით და სხვა - , წერია ტენდერში.
საცხოვრებელი სახლის სახურავის/ აივნების რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 4-9 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

ამავე თემაზე: მარნეულის მერიამ ჩამონგრეული აივნის კორპუსის გამაგრებისათვის პროექტი შეისყიდა
Print