მარნეულელები საჯარო ტრანსპორტით დადგენილი "კომენდანტის საათის" წინააღმდეგ
მარნეულში ცხოვრება საღამოს 7 საათის შემდეგ ჩერდება. მაშინ, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს და ქალაქში გადაადგილებისთვის ნაცნობების გამოჩენის იმედად ან საკუთარ ჯიბეზე ხარ დამოკიდებული. კიდევ უფრო რთულია მდგომარეობა სოფლებში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 84 სოფელია, სადაც მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფი მხოლოდ 21 სატრანსპორტო საშუალება დადის. სოფელი ხიხანი მარნეულიდან 32 კილომეტრითაა დაშორებული, ხუთი წელია მოსახლეობას ერთი მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსი კვირაში ოთხჯერ, 18:30 საათამდე ემსახურება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სატრანსპორტო საშუალება ხშირად ფუჭდება და გადაადგილება ჭირს. ერთადერთ გამოსავალს ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის რეაგირებაში ხედავენ და ამბობენ, რომ ახალი, გამართული ტრანსპორტის და გაზრდილი გრაფიკის მოთხოვნით მუნიციპალიტეტისთვის წერილს ამზადებენ.

„ზამთარში გაყინულია.ზაფხულში ჩახუთული, ფანჯრებიც არა აქვს. ადგილი არაა, რომ ბაზრის ნავაჭრი დააწყო. მოკლედ, ძალიან პატარაა, “ - ამბობს ხიხანში მცხოვრები ნანა გაბაიძე.

ნანა გაბაიძე გვიყვება, რომ სოფელში კერძო ტრანსპორტიც დადიოდა, მაგრამ მაღალი ფასის გამო მოსახლეობას ერჩივნა ისევ შედარებით იაფი მუნიციპალურ ტრანსპორტით ესარგებლა, რომელიც კვირაში მხოლოდ სამი დღე მუშაობს.

“ტრანსპორტი არ დადის ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, სხვა დღეებში არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ ახალგაზრდობამ ისარგებლოს. მაგალითად სპორტ დარბაზში ჩავიდნენ მარნეულში.”

გარდა იმისა რომ იშვიათად დადის, მუნიციპალური ტრანსპორტი იმდენად გაუმართავია, რომ ხშირად ფუჭდება და ხშირად ორ რესის ვერ აკეთებს, ამბობს შუშანა ბერიძე.

„გვჭირდება ტრანსპორტი, ზოგს ავადმყოფი ჰყავს წასაყვანი ექიმთან. ბანკი არ გვაქვს, ელემენტარულად პენსია რომ ავიღოთ ან სოციალური დახმარებები. გვინდა არ გვინდა, მარნეულამდე უნდა ჩავიდეთ. ხელშეწყობა გვჭირედება ადგილობრივი თვითმმართველობიდან. ყველა ცდილობს უკეთესობისკენ და ჩვენც გვნდა ეს უკეთესობა“ - გვიყვება ხიხანში მცხოვრები ნოდარ გაბაიძე.



ხიხანი ერთადერთი სოფელი არაა, სადაც ტრანსპორტი არარეგულარულად დადის. სოფელ თაქალოს მოსახლეობას მარნეულიდან გასვლა ყველაზე გვიან 6 საათზე შეუძლიათ. სხვა შემთხვევში კერძო ტაქსის დაქირავება და სამმაგი თანხის გადახდა უწევთ.

„ტრანსპორტირება მაქსიუმ 6 საათამდეა ჩემს სოფელში, მაგრამ როცა საქმე გვიან მთავრდება მარნეულში, ვერ ვასწრებ ავტობუსს და ტაქსისთვის 20 ლარის გადახდა მიწევს, რაც ჩემთვის ეკონომუკურად პრობლემებს ქმნის. 20 ლარი 5 დღის ხარჯია როცა ავტობუსით მივდივარ, მაგრამ ტრანსპორტის არარსებობის გამო,ერთჯერადად ვიხდი“ - ამბობს თაქალოში მცხოვრები გულგუნ მამედლი

მარნეულის მუნიციპალიტეტს სულ ორი სატრანსპორტო კომპანია, შპს „ექსპრესტურისტი“ და „ავტოპარკი“ ემსახურება. „ექსპრესტურისტი“ კერძო კომპანიაა, ხოლო „ავტოპარკი“ მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი. სოფელი საიმერლო მარნეულიდან 6 კილომეტრითაა დაშორებული. მარნეულთან სიახლოვით თუ ვიმსჯელებთ, გადაადგილება არც ისე უნდა ჭირდეს, თუმცა პრობლემა გაცილებით დიდია. აღნიშნულ სოფელში როგორ კერძო, ასევე მუნიციპალური ავტობუსი განსხვავებული ფასით და გრაფიკით დადის. მერიის ბალანსზე მყოფი ერთი ავტობუსი არასაკმარისია, ხოლო კერძო კომპანიის ტრანსპორტი გაუმართავი და ძვირი.



„თუ გამიმართლა და მუნიციპალური ტრანსპორტით მომიწია მგზავრობა, მარნეულამდე 40 თეთრს ვიხდი, კერძო მარშუტკა რომ დადის, ის 70 თეთრია. ზაფხულში გაუსაძლისი სუნია, ზამთარში კი სიცივე. ზოგს სახელური არ უვარგა, ზოგს სავარძლები და ფანჯრები,” - ამბობს საიმერლოში მცხოვრები ქალი, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ.



“პრობლემა არის ისიც, რომ ეს კერძო კომპანიის მარშუტკები თავიანთ ნებაზე დადიან, ჩემს უბანზე ხან შემოდიან ხან არა, რამდენჯერ გამოვედი სახლიდან ადრე ამათი არანორმალური გრაფიკის გადამკიდე, მაგრამ მაინც დავაგვიანე ხოლმე სამსახურში. იქიდან თუ მოვდივარ კიდე, შვიდი საათის მერე ვერაფერს გამოყვები, ზოგჯერ საათობით ლოდინი მიწევს. ბევრჯერ ისეთი გადაჭედილი ყოფილა მარშუტკა ვერ ავსულვარ და გზაში დავრჩენილვარ.“

გეგმავს თუა არა კერძო კომპანია მარნეულში მოძველებული ტრანსპორტის, ახალი გრაფიკების და მარშრუტის დამატებას, ექსპრესტურისტის დირქტორი იური სამხარაძე დამაიმედებელ პასუხს ვერ გვეუბნება. ერთადერთი, რაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა სასტრანსპორტო საშუალებების განახლებაზე დაწყებული მუშაობაა.



„დაწყებულია პროცესი ტრანსპორტის განახლების, ნელ-ნელა შეიცვლება. ვფიქრობ 2023 წლის ზაფხულში ეს პრობლემა აღარ გვექნება“ - ამბობს იური სამხარაძე.

რაც შეეხება მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფ კომპანიას, შპს ექსპრესტურისტის ხელმძღვანელი, გიგა ჯალაღონია ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას არც ახალი ტრანსპორტის დანიშვნის და არც ახალი გრაფიკის შედგენის შესაძლებლობა აქვს. მათ შორის არც სოფელ ხიხანში, სადაც ტრანსპორტის კვირაში ოთხი დღით გამოჩენა არსებულ ვითარებაში სრულიად საკმარისად მიაჩნია.

„ჩვენი ავტობუსების რაოდენობა დამოკიდებულია მერიაზე, იმაზე თუ რამდენს შეიძენენ. ჩვენ ამის არც უფლება არ გვაქვს და არც საშუალება. დაახლოებით 70 სატრანპორტო საშუალებაა საჭირო მთელ მარნეულს რომ მოემსახურო. ჩვენ ამ ეტაპზე 11 ხაზი გვაქვს როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. როგორც შეგვიძლია ისე ვემსახურებით. რომ იყოს საშუალება რატომაც, არა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის“ - ამბობს გიგა ჯალაღონია.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში, რადიო მარნეულს უთხრეს, პრობლემის მოგვარების მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეტაპობრივად შეიძენენ. მაგალითად, 2023 წელს ბიუჯეტში ოთხი ავტობუსის შესასყიდი თანხა გაითვალისწინეს. 2021 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთი ერთეული ავტობუსი 1`498`500 ლარად შეიძინა. ამავე რაოდენობის ტრანსპორტის შეძენა თვითმმართველობას 2020 წელს 1 311 000 ლარი დაუჯდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები