სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საკრებულომ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებაზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პატივი სცეს ბოლნისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებას და თვითმმართველობის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკა აღარ გაიმეოროს.

2022 წლის 1 ივლისს ბოლნისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელი, რომელშიც ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების დისკრიმინაციულ წესს ასაჩივრებდა. ამ საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტის, სამირა ბაირამოვასა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით აწარმოებდა.

„ფინანსური მხარდაჭერის ამ უთანასწორო პრაქტიკით, მხოლოდ ბოლო ოთხი წლის მანძილზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას ჯამში 1 550 000 ლარი (2019 წელს - 350 000 ლარი; 2020 წელს - 400 000 ლარი; 2021 წელს - 400 000 ლარი; 2022 წელს - 400 000 ლარი) გადაეცა. რელიგიური საქმიანობის დაფინანსების მიზნად თვითმმართველობის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლების სულიერების ამაღლება. ამგვარ მხარდაჭერას კი მეტწილად და მხოლოდ ადგილობრივი ეპარქია იღებდა. დაფინანსების ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ დისკრიმინაციული შინაარსის იყო და მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აყენებდა უპირატეს მდგომარეობაში (მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია), ის სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში და საჯარო რესურსების კონფესიური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკას ქმნიდა.

ჩვენი შეფასებით, ბოლნისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პრეცედენტული მნიშვნელობის, რომელიც ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების არასეკულარული და დისკრიმინაციული დაფინანსების პრაქტიკას ცვლის და ამ გადაწყვეტილების ჯეროვანი პატივისცემა მარნეულისა და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ არსებითი გვგონია. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი მმართველობის გარანტირების, საჯარო რესურსების ლეგიტიმური სოციალური მიზნებით გამოყენების, თანასწორობის პრინციპის განუხრელად დაცვის, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გამიჯნულობისა და არადემოკრატიული აფილაციების თავიდან აცილების, ასევე რელიგიური ორგანიზაციების ჭარბი პოლიტიკური გავლენებისა და მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა გახდეს.

უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ის ჯერ კანონიერ ძალაში შესული არ არის.
სამწუხაროდ, მიუხედავად სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებისა, მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის მიმდინარე პროექტი კვლავ ითვალისწინებს იდენტურ ჩანაწერს. კერძოდ რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის ფარგლებში მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას გადაეცემა 400 000 ლარი, მუნიციპალიტეტმა დააკორექტირა მხოლოდ თანხის გაცემის მიზნები - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა. ამასთან მცირე რესურსები გათვალისწინებულია მეჩეთების კომუნალური გადასახადებისთვის (20 000 ლარი).

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საკრებულო საბოლოოდ ბიუჯეტის ამ პროექტს არ დაამტკიცებს, რადგან ეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა იქნება და აშკარა უპატივცემულობა სასამართლო გადაწყვეტილების სულისკვეთების მიმართ“
- წერს სოციალური სამარტლიანობის ცენტრი.

ორგგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტის სრულ ვერსიას გაეცანით აქ:


სასამართლომ დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები