როგორ უნდა მიხვდე გავიწროვებენ თუ არა სამსახურში - ინტერვიუ „სამართლიანი არჩევნების“ იურისტთან
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მოქალაქეები დისკრიმინაციულ მიდგომას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ მდგომარეობაში შესაძლოა გადააწყდნენ, მათ შორის სამუშაო ადგილებშიც, როდესაც თანამშრომელს კომპანია გარკვეული ნიშნის გამო განსხვავებულად მოეპყრობა.

დისკრიმინაცია სამუშაო ადგილას, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები, დისკრიმინაციასთან ბრძოლის სამართლებრივი გზები - აღნიშნულ თემებზე რადიო „მარნეული“ „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის „მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის“ იურისტს მეგი ბაკურიძეს გაესაუბრა.

- მეგი, სანამ უშუალოდ ვისაუბრებთ სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის შემთხვევებზე, გვითხარით, რა არის დისკრიმინაცია?

დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ადამიანის მიმართ, ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ამ პირს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებით სარგებლობაში ხელს უშლის იმის გამო რომ მას აქვს განსხვავებული ნიშანი. ეს შეიძლება იყოს მიის რასა, სქესი, კანის ფერი, მოქალაქეობა, წარმოშობა, ოჯახური მდგომარეობა, მისი პოლიტიკური თუ რელიგიური ორგანიზაციისადმი კუთვნილება და ნებისმიერი სხვა ნიშანი, რომელიც პირის მიმართ შეიძება გახდეს განსხვავებული მოპყრობის საფუძველი და შეიძება მან უკვე ვეღარ ისარგებლოს ამა თუ იმ უფლებით. ეს არის დისკრიმინაცია. თუმცა ცალკეულ სფეროებში, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, განსხვავებულადაა განმარტებული დისკრიმინაციის მარეგულირებელი და ამკრძალავი ნორმები.

- რა ითვლება სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციად და ვინ შეიძება იყოს მისი სამიზნე?

დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია და ეს არის შემთხვევა როდესაც დამსაქმებელი, განძრახ ან გაუფრთხილებლობით, პირს ასხვავებს სხვა დასაქმებულებისაგან რომელიმე განსხვავებული ნიშნის გამო, რომელიც უკვე ჩამოვთვალეთ და ზღუდავს რომელიმე უფლებით სარგებლობაში. ეს შეიძლება იყოს შვებულების უფლებით სარგებლობაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მიღება, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ თანამშრომელს დაზღვევის პაკეტი არ გაუაქტიურეს, რადგან მისი ოჯახის წევრი მიეკუთვნებოდა გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას. ხშირ შემთხვევაში არის გენდერის ნიშნით სამუშაო ადგილზე შევიწროვების ფაქტები და ა.შ.
ცალკეულ შემთხვევას აწესრიგებს შრომის კოდექსი ასევე სამუშაო ადგილზე შევიწროვების ფორმით და აღნიშნავს კანონმდებელი, რომ შესაძლოა ეს იყოს მათ შორის სექსუალური შევიწროვებაც გამოვლენილი სამუშაო ადგილზე, ასევე ნებისმიერი სხვა შევიწროვების ფორმები, რომლებიც დასაქმებულს უქმნის მტრულ, ან დამაშინებელ, ან ღირსების შემლახავ გარემოს, რომელსაც უქმნის დამსაქმებელი მას სამუშაო ადგილზე მუშაობის პერიოდში. ეს, რა თქმა უნდა, აკრძალული არის შრომის კოდექსით. შრომის კოდექსი არის ორგანული კანონი, შესაბამისად ცალსახად ასახულია სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია და ეს ყველა დამსაქმებელმა უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს მიმართოს როგორც სახალხო დამცველს ასევე სასამართლოს. სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს მათ შორის ზიანის ანაზღაურება, განაცდურის კომპენსირება და ა.შ.

- საინტერესოა ყველაზე ხშირად რა სახის დისკრიმინაციის შემთხვევები გვხვდება საქართველოს რეალობაში?

ჩვენი ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნები“, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინირებულ დასაქმებულებს იცავს და ამ პროექტის ფარგლებში ხშირ შემთხვევაში მოგვმართავენ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენისთვის, რათა მათ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ბენეფიციარებს ვუწევთ როგორც იურიდიულ მომსახურებას, ასევე ვეხმარებით მათ ბაჟის მარტივად დაფარვაში. რაც შეეხება უშუალოდ გამოვლენილ ფაქტებს, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს, როდესაც პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დატოვა თანამდებობა და მან შექმნა პარტია, ამ დროს მას გამოუჩნდა ძალიან ბევრი მხარდამჭერი და ამ მხარდამჭერებმა ცალსახად სოციალურ ქსელში და ტელევიზიებში გამოთქვეს ამ პარტიის მიმართ სიმპატიები და ისინი ღიად უჭერდნენ მხარს გიორგი გახარიას. სწორედ ამის შემდეგ ცალსახად დაიწყო, არა მარტო საჯარო დაწესებულებებში, არამედ აა(ი)პ-ებსა და შპს-ებშიც, რეორგანიზაციები. ან ამ ადმიანებისათვის შეიქმნა სხვა სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად შრომით ხელშეკრულებაზე უარის თქმა, პირდაპირ განთავისუფლება ან დაიწყო ასევე დისციპლინური წარმოებები არარეალური საფუძვლებით. სამსახურებში შეუშვეს აუდიტები, რათა გამოვლენილიყო რაიმე დარღვევა მაინც და ამ დარღვევის შემდგომ ამ ადამიანისთვის, რომელმაც ღიად დაუჭირა გიორგი გახარიას მხარი, დაწყებულიყო დისციპლინური წარმოება. ამაზე სახალხო დამცველმა არაერთი განცხადება გააკეთა, ასევე არაერთი დისკრიმინაცია დაადგინა ამ ადამიანების მიმართ და რეკომენდაციებით მიმართა დამსაქმებლებს აღმოეფხვრათ განხორციელებული ქმედება და ამ ქმედების შედეგად გამოწვეული დარღვევები, თუმცა ხშირ შემთხვევაში სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ და ამ ადამიანებს უწევთ საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვა.

- თქვენ ისაუბრეთ იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლიც იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე. საინტერესოა, ვის შეუძლია მიმართოს დასაქმებულმა, თუ თვლის რომ ის არის დისკრიმინაციის მსხვერპლი სამუშაო ადგილზე?

პირდაპირ საკანონმდებლო ჩანაწერი გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ პირს, ვინც თვლის რომ მის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა და ის არის დისკრიმინაციის მსხვერპლი, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ასევე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სახალხო დამცველსაც შეუძლია მიმართოს მოქალაქემ რომელიც თვლის რომ დისკრიმინაციის მსხვერპლია და მოითხოვოს დისკრიმინაციის დადგენა. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია სახალხო დამცველთან მიმართებვით დროში უფრო მალე ხდება საკითხის გარკვევა და შედეგის მიღწევა. თუ ადგილი აქვს დისკრიმინაციას სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს დაწესებულებას, რომ აღმოფხვრან ეს დისკრიმინაციის შედეგები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია არის სარეკომენდაციო ხასიათის და დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში არ ასრულებენ ამ რეკომენდაციას. უფრო მეტი ძალა აქვს სასმართლოს. მისი გადაწყვეტილება სავალდებულო შესასრულებელია. უფრო მეტი მექნიზმებია საპროცესო კოდექსში რომ ადამიანმა საკუთარი უფლებები დაიცვას. მაგალითად იმით, რომ თუ ადამიანი განთავისუფლდა სამსახურიდან და განთავისუფლების შემდგომ ჯერ კიდევ არავინ დანიშნულა მის პოზიციაზე ამ ადამიანს შეუძლია სასამართლოს გზით, სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებით, დამსაქმებელს აუკრძალოს სხვა პირის დანიშვნა, ისე რომ ამ ადამიანს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხელი არ შეეშალოს თავის პოზიციაზე აღსადგენად. ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომელიც ჩვენ „სამართლიანმა არჩევნებმა“ არაერთ ქეისზე გამოვიყენეთ და ვინაიდან სასამართლო დავები იწელება, ამ პერიოდში მათი პოზიციები შენარჩუნებულია და თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელებს მაშინ ისინი პირდაპირ აღდგებიან პოზიციაზე და გააგრძელებენ მუშაობას.

- როგორ ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლის სამსახურში აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა უკვე გააუქმა განთავისუფლებული პირის პოზიცია, ან მის ადგილას სხვა თანამშრომელია აყვანილი?

ესეც არის ძალიან პრობლემური, რასაც ჩვენ ვაწყდებით სამართლებრივი დაცვის დროს მოქალქაეების მიმართ, ვინაიდან როდესაც დამსაქმებლები სხვა საფუძველს ვერ წერენ განთავისუფლების დასაბუთებაში ისინი იწყებენ მთელი ორგანიზაციის ამუშავებას იმ მიზნით, რომ დაიწყოს რეორგანიზაცია ფორმალურად და გაანთავისუფლონ მათთვის არასასურველი თანამშრომელი. ჩვენ გვქონდა შემთხვევა როდესაც 500-ზე მეტ დასაქმებულიან ორგანიზაციაში დაიწყეს რეორგანიზაცია იმ მიზნით, რომ მხოლოდ ის ერთი კონკრეტული ადამიანი, რომლის ოჯახის წევრმა ღიად დააფიქსირა სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პარტიის მხარდაჭერა, სამსახურიდან გაენთავისუფლებიათ, იმიტომ რომ მისი განთავისუფლების სხვა საფუძველი ვერ ნახეს მთელ იმ პერიოდში, როდესაც ეს პირი დასაქმებული იყო. ამ შემთხვევაში სასმართლო ავალდებულებს, რომ ტოლფას თანამდებობაზე დაინიშნოს ეს პირი, თუ რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მისი ტოლფასი თანამდებობა იქნება იმ ორგანიზაციაში, ან თუ ასეთი ადგილი ვერ მოიძებნება, შედარებით დაბალ თანამდებობაზე. თუ ასეთ შემთხვევასაც არ აქვს ადგილი, მაშინ რა თქმა უნდა კომპენსაცია დაეკისრება დამსაქმებელს, რადგან მან სამუშაო ადგილზე ვერ აღადგინა დასქმებული.

- რა დახმარების მიღება შეუძლიათ დისკრიმინაციის მსხვერპლებს „სამართლიანი არჩევნებისაგან“?

ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს ჩვენი პროექტი „მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის“ და დღემდე ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავს მიიჩნევს რომ ის სამუშაო ადგილზე არის შევიწროვებული, მათ შორის თუ მუშაობის პროცესში რომელიმე უფლების განხორციელებაში ხელი ეშლება, ან განთავისუფლდა დისკრიმინაციული რომელიმე ნიშნით სამსახურიდან. მას შეუძლია მომართოს ჩვენს ორგანიზაციას და ჩვენ გავუწევთ კონსულტაციას თავდაპირველად, შემდეგ უკვე მოხდება შეფასება, არის თუ არა ჩვენი პროექტის კრიტერიუმებში ქეისი და შემდეგ უკვე დაიწყება სამართლებრივი ღონისძიებები რომელიც დაეხმარება ამ ადამიანს საკუთარი უფლებების აღდგენაში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები