სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილება მარნეულის მერიის მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებაზე
დღეს, 8 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლეილა მამულაშვილმა მარნეულის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებული ბოლნისი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა თათია კაჭარავამ განაცხადა, რომ დღეს სასმართლოს პირველი სხდომა ჰქონდა ჩანიშნული, მოსამართლემ კი საქმის მასალები პირველივე სხდომისას განიხილა და გადაწყვეტილებაც გამოაცხადა.

"დღეს სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია რელიგიური ორგანიზაციებისათვის თანხის ამდაგვარი გადანაწილება და გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ძალიან უცნაური იყო, რომ ესე სწრაფად ჩანიშნა სხდომა, ძალიან უცნაური იყო, რომ ერთ სხდომაში განიხილა, შეისწავლა და გამოაცხადა გადაწყვეტილება და უცნაური დამთხვევაა რომ მარნეული ეხლა 2023 წლის ბიუჯეტზე მუშაობს, პროექტი უკვე გამოქვეყნებულია და დღე-დღეზე უნდა დაამტკიცოს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ შემაშფოთებელი ტონით მივწერეთ, თუ რატომ არის ბიუჯეტში ისევ ისე გადანაწილებული თანხები, რომელზეც დისკრიმინაცია დაგიდგინათ ბოლნისის სასამართლომ და ვთხოვეთ რომ არ დაეშვათ ასეთი უპატივცემულობა სასამართლოსადმი და ისევ ნუ გაიმეორებდნენ იგივე შეცდომას და ამ ყველაფრის ფონზე ეხლა რატომღაც გაუქმდა ბოლნისის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება". - განაცხადა თათია კაჭარავამ

ბოლნისის რაიონულმა სასმართლომ მარნეულის ბიუჯეტში რელიგიური ორგანიზაციებისათვის თანხების გადანაწილება დისკრიმინაციულად 2022 წლის 1 ივლისს შეაფასა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასმართლოში მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაასაჩივრა. საქმე ეხება, 2019 წელს დაწყებულ დავას, რომლის მოსარჩელეები მარნეულელი აქტივისტი სამირა ბაირამოვა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაგი ასადოვი არიან.

სამირა ბაირამოვა რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის მოსამართლის ამდაგვარ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე მამულაშვილი მათ არგუმენტებს არ ისმენდა და თავად აკეთებდა დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარებს.

"სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ვიგრძენი, რომ მოსამართლე საერთოდ არ გვისმენდა პროესის დროს და ასევე ეს ადამიანი გამოირჩეოდა თავისი განსხვავებული დამოკიდებულებით. მოსამართლემ დამისვა ისეთი შეკითხვა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის არარელევანტურია. მან მკითხა, აფინანსებს თუ არა აზერბაიაჯანი ქრისტიანულ ორგანიზაციებს, რა ხდება აზერბაიჯანში ამ მიმართულებითო. როდესაც ვუთხარი თუ რატომ მეკითხებოდა ამას, მან მითხრა შენ ხომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ხარო. ეს იყო ჩემთვის დამამცირებელი. მის დამოკიდებულებაში ჩანდა, რომ ის ჩვენ არ გვთვლის ამ ქვეყნის ნაწილად. სამწუხაროდ, დღეს სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება".

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის განმარტებით, აუცილებლად გაასაჩივრებენ სააპელაციო სამსამართლოს მოსამართლის ლელილა მამულაშვილის გადაწყვეტილებას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის 400 000 ლარის ოდენობის თანხაა გამოყოფილი. მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა იყო, რადგან როგორც ბაირამოვა აცხადებს, რელიგიური ორგანიზაციები უკვე იღებენ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან.

Print