გაზრდილი თანხა და შეცვლილი მენიუ მარნეულის საბავშვო ბაღებში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში საკვები მენიუ გაამრავალფეროვნა.

გაზრდილია თითო ბავშვზე გათვლილი საკვები ღირებულების  თანხაც. ინფორმაციას გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი გვიდასტურებს და ამბობს, რომ თუ აქამდე აღსაზრდელები დღეში სამჯერ ჭამდნენ და ეს საუზმეს, სადილსა და სამხარს მოიცავდა, ახლა წახემსებაც დაემატება. 2023 წლის საბავშვო მენიუში ერთ-ერთი სიახლე ბანანის შემოტანაა.

„ახლა დაახლოებით 4 ლარია ერთი ბავშვის კვებითი ღირებულება, ადრე გვქონდა 2.40 ლარი. ბევრი რაღაცა შეიცვალა. წახემსება არ გვქონდა და ახლა დაემატა, 12:00 საათზე წახემსების საშუალება ექნებათ ბავშვებს. ზოგადად, პროდუქტების რაოდენობა თითო ბავშვზე გაზრდილია და უფრო მრავალფეროვანიცაა.“ - ამბობს ქარამოვი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2023 წლის განმავლობაში, საკვები პროდუქტების შეძენას, 622 577 ლარად გეგმავს. 91 546 ლარია გათვალისწინებული წიწიბურის, ბრინჯის, კარტოფილის, ჭარხლის, ნივრის, სტაფილოს, ხახვის, ლობიოს ბარდის, კომბოსტოს, ვაშლის და ბანანის შესასყიდად.

179`088 ლარი დაჯდება საქონლის და ქათმის ხორცის შესყიდვა. 29 568 ლარია გამოყოფილი თევზის შესაძენად.

62`961 ლარად იყიდიან ხილის წვენებს, ჯემებსა და ტომატ-პასტას. ბაგა-ბაღების გაერთიანება 103`876 ლარად გეგმავს შესქელებული რძის, არაჟანის, კარაქის, ხაჭოს, ყველის და მაწვნის შეძენას.

ხოლო, 112 420 ლარია გათვალისწინებული პურისთვის, ხორბლისათვის, ორცხობილასთვის (პეჩენია), შაქარისთვის, კაკაოსთვის, ვერმიშელისთვის, მაკარონისთვის, ჩაისთვის, მარილისთვის, საფუარისა და საკვები სოდისათვის.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები