ჩამონგრეული აივნების კორპუსის რეაბილიტაციისთვსი მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტში 1 715 500 ლარი გამოიყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2023 წლის ბიუჯეტში ნარიმანოვის ქუჩა N1-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის 1 715 500 ლარი გამოყო.

მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაციის პროგრამის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ავარიული შენობების შესწავლა და ექსპერტიზის ჩატარება მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის მიზნით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში ავარიული შენობების რეაბილიტაციასაც. სწორედ აღნიშნული პროგრამისათვისაა გამოყოფილი ბიუჯეტში 1 715 500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის 2022 წლის ბიუჯეტში „ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაციის“ პროგრამა გათვალისწინებული არ იყო. დღეს, 24 იანვარს, რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მაია ნავერიანმა განუცხადა, რომ პროგრამის დამატება ბიუჯეტში ნარიმანოვის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის გამო გახდა საჭირო.

შვიდი თვეა, რაც მარნეულიში ნარიმანოვის ქუჩაზე N1 საცხოვრებელი კორპუსის ორი აივანი ჩამოინგრა, რასაც ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეხუთე სართულის აივანი 26 ივნისს ჩამოინგრა, რასაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც მოჰყვა. შემთხვევის შემდგომ მარნეულის მერიამ მოქალაქეები სასტუმროში გადაიყვანა. აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება. მიუხედავად ამისა, კორპუსის მაცხოვრებლები კვლავ თავიანთ ბინებში დაბრუნდნენ. კორპუსის რეაბილიტაციისათვის 2 121 737 ლარიანი ტენდერი თვითმმართველობამ 2022 წლის 18 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას მიუღია, რის გამოც ის არ შედგა.

რადიო „მარნეული“



Print